ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ივლისი 2020, 20:50
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საფინანსო სექტორში არსებული აქტუალური საკითხები და მიმდინარე პროექტები. კობა გვენეტაძემ ისაუბრა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, COVID-19-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მოზიდვას.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება.

 „მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური და სისტემური რეფორმების გატარების საქმეში. აღსანიშნავია, რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელიც აშშ-ის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელდა, რის შედეგადაც რადიკალურად შეიცვალა და გაუმჯობესდა ანგარიშსწორების, საგადასახდო, ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო რეზერვების მართვის სისტემები. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მასშტაბის შესახებ და იმ გეგმაზე, რომლითაც საქართველო უმკლავდება ამ გამოწვევას. ვისაუბრეთ ფინანსურ სისტემაზე, ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც უკვე იღებს საქართველო, და ასევე პანდემიის გავლენაზე ფინანსურ სექტორზე, ფინანსურ განათლებასა და თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ცოტა ხანში გვეყოლება მრჩეველი ამერიკის ხაზინიდან, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გაგვიწევს დახმარებას, რისთვისაც მადლობა გადავუხადე ქალბატონ ელჩს და ვფიქრობთ, მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრაზე კელი დეგნანმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო სექტორში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ძალიან შინაარსიანი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მართვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას და უზრუნველყო ის სტაბილურობა, რომელიც ქვეყანას და მის ეკონომიკურ მართვას ასე სჭირდებოდა. მოხარულნი ვართ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუნდს შემოდგომაზე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის წარმომადგენელი შეუერთდება, კაპიტალის ბაზრის მართვასა და განვითარებაზე მუშაობისთვის; ეს არის სფერო, სადაც დამატებითი სამუშაოა განსახორციელებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უფრო გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ სხვა შესაძლებლობებზე კავშირების გაფართოების მიმართულებით“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანასური განათლების თემებსაც შეეხო და ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

კობა გვენეტაძემ კელი დეგნანს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სახსოვრად ვერცხლის საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური/ეკონომიკური ოფიცერი ეიპრილ რეინო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი