მოგზაური კარლ ბუშბი ფეხით მივიდა ჩილედან დიდ ბრიტანეთში, რასაც მან 28 წელი მოანდომა.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ოქტომბერი 2026, 14:28
კარლ ბუშბი 29 წლის იყო, როცა ჩილედან სახლისკენ ფეხით დაიძრა. ბრიტანეთში დაბრუნებისას უკვე 57 წლისაა. ბრიტანეთის მიწაზე უკვე დადგა, მაგრამ მშობლიურ ქალაქ ჰალამდე გზა ჯერ კიდევ დარჩენილია. 

1998 წლის 1 ნოემბერს ჩილეს ქალაქ პუნტა-არენასიდან დაიწყო მოგზაურობა, რომელსაც „გოლიათის ექსპედიცია“ უწოდა. ყოფილმა მედესანტემ საკუთარ თავს ორი წესი დაუწესა: გზის წინ წასაწევად ტრანსპორტი არ გამოეყენებინა და სახლში მოგზაურობის დასრულებამდე არ დაბრუნებულიყო. დაახლოებით 12 წელს ვარაუდობდა; თითქმის 28 გამოვიდა. შეფერხებები ვიზებმა, დაფინანსების დაკარგვამ, პანდემიამ და საერთაშორისო პოლიტიკამ გამოიწვია. მთელი ეს დრო ყოველდღიურ სიარულში არ გაუტარებია. 

მისი მარშრუტი სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკაზე, შემდეგ ბერინგის სრუტით რუსეთსა და აზიაში გადიოდა. გაიარა დარიენის სახიფათო ჯუნგლები, ბერინგის სრუტეში ყინულზე მიდიოდა და საჭიროებისას ცურავდა, ხოლო კასპიის ზღვის გადაცურვას 31 დღე მოანდომა. 

BBC-ის ცნობით, უკვე 48 ათას კილომეტრზე მეტი დაფარა და 29 ქვეყანა გაიარა. 

ბოლო დიდი დაბრკოლება ლა-მანში იყო. გვირაბის მომსახურების დერეფანში ფეხით გავლის უფლება არ მისცეს, ამიტომ წყალში შევიდა. სამი დღის განმავლობაში ჯამში 20 საათი იცურა და 2026 წლის 5 ოქტომბერს დოვერის მახლობლად, შექსპირის სანაპიროზე გამოვიდა. 


იქ მამა და რეჟისორი ვერნერ ჰერცოგიც დახვდნენ - ჰერცოგი მის შესახებ დოკუმენტურ ფილმს, Walk of Life, იღებს. ჰალში ჩასვლას ნოემბრის დასაწყისში ელოდებიან. 

 „ყველას შეგვიძლია იმაზე მეტის მიღწევა, ვიდრე ოდესმე წარმოგვიდგენია“, - ეს ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ თქვა. 

BBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რა ასწავლა ამ გზამ, უპასუხა:

„ორჯერ შემიყვარდა, ორივეჯერ დავკარგე და ეს კვალს ტოვებს... ყველაფერი, რაც მაქვს, პატარა ურიკაში ეტევა“.

Outdoor Magazyn-თან ამბობს, რომ დაბრუნებისას ფინანსურად თავიდან მოუწევს ცხოვრების დაწყება. 

28 წელი სახლში მისასვლელად იარა, მაგრამ ახლა ახალი გამოწვევა ელის - როგორ იცხოვროს, როცა მის ცხოვრებად ქცეული მოგზაურობა დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი