ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ოქტომბერი 2026, 21:01

ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მან საკუთარ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

როგორც ყეინიშვილი წერს, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.

პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“,- წერს ყეინიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.

„შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას”,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ამასთან, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთში ლიმოჟის მერიის შენობა, რომელსაც დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, თითქმის მთლიანად განადგურდა
საფრანგეთში საპროტესტო აქციების 400-მდე მონაწილე დააკავეს
მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის - ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ პრეფექტურებსა და მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან, სამართალდამცველებს კი მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ
რევაზ სოხაძე: ვცვლით თამაშის წესებს, რათა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და გავაძლიეროთ ქართული სამშენებლო კომპანიები
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ილაპარაკა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი
არქივი