სტატიები
ტრამპი შენჟენში უკრაინის საკითხის წამოჭრას აპირებს - რას ელიან სი ძინპინისა და პუტინისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ნოემბერი 2026, 10:06

19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში ტრამპი, სი ძინპინი და პუტინი პირველად გამართავენ ცალკე სამმხრივ შეხვედრას.

ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ადრეც ყოფილან ერთ საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის 2019 წლის G20-ზე. 

თუმცა, შენჟენში - APEC-ს ფორუმის ფარგლებში პირველად არის დაგეგმილი ამ სამი ქვეყნის მოქმედი ლიდერების ცალკე, პირისპირ სამმხრივი შეხვედრა. 

APEC-ში 21 წევრი ეკონომიკაა. ფორუმი ოფიციალურად სწორედ ამ ტერმინს იყენებს, რადგან წევრებს შორის ჰონგ-კონგი და ტაივანიც არიან. ტაივანი ფორუმში „ჩინური ტაიპეის“ სახელით მონაწილეობს.

თუმცა, ამჯერად ყველას ყურადღება სამი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისკენ არის მიპყრობილი. 

კონკრეტული პარალელებიც გაჩნდა. 

ზოგისთვის ეს ფორმატი ძალიან გავს 1943 წლის თეირანის შეხვედრას. 

მაშინ რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მათ შეათანხმეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომის კოორდინაცია, მათ შორის საფრანგეთში მეორე ფრონტის გახსნა.

მსგავსებას აქ მხოლოდ ფორმატი განაპირობებს - მაშინაც და ახლაც შეხვედრა სამმხრივია. 

თუმცა, თეირანში სამივე ლიდერი სამხედრო მოკავშირე იყო და საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მოქმედებდა. 

შენჟენში კი სამი ქვეყნის ლიდერები მიდიან განსხვავებული ინტერესებით, მათ შორის უკრაინისა და ირანის ომებთან დაკავშირებული საკითხებით.

მეორე პარალელი 1945 წლის იალტის შეხვედრასთან ივლება. 

ომის მიწურულს - სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი -  გერმანიის ოკუპაციას, პოლონეთის მომავალს და გაეროს მოწყობის საკითხებს განიხილავენ. პ~

აქ პარალელი უფრო პოლიტიკურია. იალტას ახსენებენ, როცა ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა დიდმა სახელმწიფოებმა სხვა ქვეყნის მომავალზე მის გარეშე იმსჯელონ. 

შენჟენის შემთხვევაში ეს კითხვა უკრაინას ეხება. ამიტომაც ყველაზე მეტად ვლოდიმერ ზელენსკი წუხს. 

რა შეიცვალა უკრაინის საკითხზე

13 ნოემბერს თეთრი სახლის ბრიფინგზე ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობდა, რომ ტრამპი ირანის ომსა და ბირთვული არსენალების შემცირებას განიხილავდა და უკრაინის ომის წამოჭრას არ აპირებდა.

16 ნოემბერს კი ტრამპმა აზიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს თავად უთხრა, რომ სი ძინპინთან და პუტინთან უკრაინაზეც ილაპარაკებს. 

ჩინეთის საგარეო უწყებამ სამმხრივი შეხვედრა დაადასტურა და მას ისტორიული მნიშვნელობის უწოდა, თუმცა კონკრეტული თემების შეთანხმებული სია არ გამოუქვეყნებია. 

მართალია შეხვედრის მოლოდინებსა თუ შესაძლო შეხვედრებზე ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ მას ყველა ისტორიულს უწოდებს. 


რისთვის სჭირდება შეხვედრა თითოეულ ლიდერს 

დონალდ ტრამპი: ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალ მოლაპარაკებაში ჩინეთის ჩართვა. ირანის ომი, ვაჭრობა და უკრაინა. ამ თემებზე პუტინისა და სის პოზიციების მოსმენა ტრამპს დაანახებს, რომელ საკითხზე შეიძლება გაგრძელდეს მოლაპარაკება.

სი ძინპინი: მასპინძლის როლი პეკინს საშუალებას აძლევს, თავი წარმოაჩინოს ძალად, რომელსაც ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთ მაგიდასთან დასმა შეუძლია. ჩინეთისთვის APEC-ის ძირითადი პროგრამა ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება, ხოლო ბირთვული არსენალების შეზღუდვაზე სამმხრივ მოლაპარაკებაში ჩართვას პეკინი აქამდე თავს არიდებდა.

ვლადიმერ პუტინი: Reuters-ის ანალიზით, მოსკოვი შეხვედრას ხედავს როგორც შესაძლებლობას, უკრაინის ომის დასრულების პირობებზე პირდაპირ ელაპარაკოს ვაშინგტონს და რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები წამოსწიოს. პუტინისთვის თავად ფორმატსაც აქვს პოლიტიკური ფასი - რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებთან ერთად გლობალურ უსაფრთხოებაზე იმსჯელებს.

რა შეიძლება გადაწყდეს

ბირთვული შეიარაღება. თებერვალში ამოიწურა New START, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც განლაგებულ სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას ზღუდავდა. ტრამპს სურს, ახალ ფორმატში ჩინეთიც ჩაერთოს. მთავარი დაბრკოლება არსენალების უთანაბრობაა. AP-ის მიერ მოყვანილი შეფასებებით, ჩინეთს 600-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს, აშშ-სა და რუსეთს კი თითოეულს 5 000-ზე მეტი. ამიტომ პეკინისთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რა ვალდებულებებს შესთავაზებენ. ამერიკელი მაღალჩინოსნის შეფასებით, ამ შეხვედრაზე შეთანხმების გამოცხადებას არ ელიან. კონკრეტული შედეგი იქნებოდა, თუ ლიდერები ექსპერტებს შემდგომი მოლაპარაკების დაწყებას დაავალებდნენ. 

უკრაინა. რეალისტური შედეგი შეიძლება იყოს იმის გარკვევა, ხედავენ თუ არა ლიდერები ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრის შესაძლებლობას და ვისთან გაგრძელდება კონტაქტი. ამ შეხვედრიდან სამშვიდობო შეთანხმების მოლოდინს ამ ეტაპზე საფუძველი არ აქვს. შეხვედრის შემდეგ საყურადღებო იქნება, ახსენებენ თუ არა კონკრეტულ წინადადებას, დაასახელებენ თუ არა შემდეგი მოლაპარაკების მონაწილეებს და რა რეაქცია ექნება კიევს. 

ირანი. თეთრი სახლის წინასწარი ინფორმაციით, ტრამპი ირანთან ომსაც განიხილავს. მოსკოვის სამხედრო და დიპლომატიური კავშირები თეირანთან ამ საუბარს მნიშვნელობას მატებს. შედეგზე საუბარი შესაძლებელი იქნება, თუ მხარეები დაასახელებენ კონკრეტულ ნაბიჯს დეესკალაციისთვის ან შემდგომი მოლაპარაკების ფორმატს. ასეთი გეგმა წინასწარ არ გამოქვეყნებულა. 

ვაჭრობა. ტრამპმა ვაჭრობაც ახსენა, ხოლო APEC-ის ოფიციალურ პროგრამაში ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა და ხელოვნური ინტელექტი ცენტრალური თემებია. თუ სავაჭრო განცხადება გაკეთდება, მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, ვის შორის შედგა შეთანხმება - აშშ-სა და ჩინეთს შორის, APEC-ის მონაწილეებს შორის თუ უშუალოდ სამ ლიდერს შორის.



















სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი