1
29 აგვისტო 2026, 10:41
როგორ მივედით ექვსთვიან ომამდე
28 თებერვალი - ომის დასაწყისი.
აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმებით დაიწყო ის, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია თავდაპირველად გაცილებით მოკლე სამხედრო კამპანიად წარმოადგენდა. მთავარი გამოცხადებული მიზანი იყო ირანის ბირთვული საფრთხის მოცილება. ომი მალე გასცდა უშუალოდ ირანს: ჩაერთო ჰეზბოლას ფაქტორი, სპარსეთის ყურე, ხოლო ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გადაიქცა.
აპრილის დასაწყისი - პირველი დიდი „ომი მთავრდება“ მომენტი
პაკისტანის შუამავლობით აშშ და ირანი შეთანხმდნენ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე. Reuters-ის გამოძიების მიხედვით, შეთანხმება ფაქტობრივად ბოლო საათებში გადაარჩინეს - მოლაპარაკებები „თითქმის მკვდარი“ იყო. ტრამპს ვადა ჰქონდა დაწესებული, ხოლო პაკისტანის ხელმძღვანელობა მთელი ღამის განმავლობაში ვაშინგტონსა და თეირანს შორის გზავნილებს გადასცემდა. ბოლოს ირანი წინაპირობების გარეშე დროებით ზავზე და პირდაპირ მოლაპარაკებებზე დათანხმდა.
მაგრამ საინტერესოა, რომ ზავიც კი ბუნდოვნად დაიწყო: 8 აპრილს Reuters წერდა, რომ შეთანხმება არსებობდა, თუმცა ბრძოლა გარკვეულ ფრონტებზე კვლავ მიმდინარეობდა.
21 აპრილი - ტრამპმა ზავი უვადოდ გააგრძელა
ორკვირიანი ვადა იწურებოდა და ისევ არსებობდა შეტევების განახლების საფრთხე. რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმას შეაჩერებდა მანამდე, სანამ მოლაპარაკებებს შანსი ექნებოდა. საინტერესოა, რომ მაშინვე გაურკვეველი იყო, სრულად ეთანხმებოდნენ თუ არა ამ გაგრძელებას ირანი და ისრაელი.
აშშ-მა ირანს სამშვიდობო წინადადება გაუგზავნა. თეირანის პასუხში იყო სანქციების მოხსნა, საზღვაო ბლოკადის დასრულება, ომის ზარალის კომპენსაცია და ჰორმუზის საკითხი. ტრამპის პასუხი იყო - „TOTALLY UNACCEPTABLE“. ამ განცხადების შემდეგ ნავთობის ფასმაც მოიმატა.
მაგრამ სულ რამდენიმე კვირაში ვითარება ისევ შემოტრიალდა.
29 მაისს Reuters უკვე წერდა, რომ მხარეები შეთანხმებას მიუახლოვდნენ. საუბარი იყო ზავის კიდევ 60 დღით გაგრძელებაზე, ჰორმუზში გემების მოძრაობაზე, ამერიკული ბლოკადის მოხსნასა და ზოგიერთი სანქციის შემსუბუქებაზე. თუმცა ტრამპი ამბობდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უნდა მიეღო.
ყველაზე მნიშვნელოვანი - ივნისის შეთანხმება
15 ივნისს აშშ-მ და ირანმა წინასწარი შეთანხმება გააფორმეს. ეს უკვე უბრალოდ ტრამპის განცხადება აღარ იყო. Reuters-ის ცნობით, შეთანხმებას უნდა:
გაეგრძელებინა ზავი კიდევ 60 დღით;
დაეწყო ჰორმუზის სრუტის გახსნა;
დაეწყო ირანის პორტების ამერიკული ბლოკადის მოხსნა;
შემდეგ ეტაპზე გადაეტანა ყველაზე რთული საკითხი - ირანის ბირთვული პროგრამა.
და აი აქ ტრამპმა უკვე ფაქტობრივად გამარჯვება გამოაცხადა.
17 ივნისს G7-ზე თქვა, რომ ირანთან მიღწეულმა შეთანხმებამ შეასრულა ყველაფერი, რისთვისაც ომი დაიწყო: კონფლიქტის დასრულება, ჰორმუზის გახსნა და ირანისთვის ბირთვული იარაღის არქონის უზრუნველყოფა.
ივნისის შეთანხმების დროს ვითარება მართლაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მაგალითად, ერთ მომენტში ჰორმუზიდან გასული ტანკერების რაოდენობა დღეში 42-მდე ავიდა და ირანმა შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაახლოებით 90 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვა შეძლო.
მაგრამ მთავარი უთანხმოებები დარჩა.
ივლისში აშშ-მ ირანული გადაზიდვების ბლოკადა ხელახლა შემოიღო. თეირანმა ეს ზავის დარღვევად ჩათვალა. ბრძოლა ისევ გამწვავდა და ივლისში ამერიკელებმა ირანის წინააღმდეგ ახალი, დაახლოებით ორკვირიანი სამხედრო კამპანიაც ჩაატარეს.
ივნისის „ომის დასრულება“ დაახლოებით ასეთ რამედ იქცა:
შეთანხმება - დროებითი გახსნა - ახალი უთანხმოება - ბლოკადის დაბრუნება - ახალი სამხედრო დარტყმები.
აგვისტო და ტრამპი ისევ ამბობს: შეთანხმება ახლოსაა
1 აგვისტოს ტრამპმა ახალი შეტევა გააუქმა/გადადება გადაწყვიტა და დაწერა, რომ ირანმა და რეგიონის სხვა ქვეყნებმა დრო ითხოვეს შეთანხმების დასასრულებლად. მისი თქმით, თუ შეთანხმება სწრაფად გაფორმდებოდა, აშშ აღარ შეუტევდა.
მაგრამ 9 აგვისტოს ისევ სრულიად საპირისპირო სურათი გვქონდა.
ტრამპმა უკვე ირანისგან კომპენსაცია მოითხოვა ბოლო 50 წლის განმავლობაში ომებში, ტერაქტებსა და საპროტესტო გამოსვლებში დაღუპულებისთვის. ირანი კი თავის მხრივ ამერიკული სანქციების გაუქმებასა და საკუთარი ზარალის კომპენსაციას ითხოვდა. Reuters პირდაპირ წერდა, რომ ახალი მოთხოვნები შეთანხმების შანსს ამცირებდა.
რამდენჯერ „დასრულდა“ ეს ომი?
რეალური ოფიციალური სამშვიდობო/საზავო გარღვევა მინიმუმ ორჯერ იყო: აპრილის ცეცხლის შეწყვეტა და ივნისის წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება. ორივემ საბოლოოდ ვერ გაძლო. Reuters-იც ახლა პირდაპირ წერს, რომ აპრილისა და ივნისის ceasefire-ები ჩავარდა.
მაგრამ ტრამპის რიტორიკაში „შეთანხმება მოდის/ომი მთავრდება“ გაცილებით ხშირად ჩნდებოდა: აპრილში ზავი გამოაცხადა და შემდეგ გააგრძელა; მაისის ბოლოს ამბობდა, რომ შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ახლოს იყო; ივნისში უკვე თქვა, რომ შეთანხმება მიღწეული იყო და მიზნები შესრულდა; აგვისტოს დასაწყისში ისევ შეაჩერა ახალი შეტევა სწრაფი DEAL-ის მოლოდინში.
ტერმინი „მიღწეულია“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხარისხით გამოიყენა; ოთხჯერ მაინც შექმნა საჯარო მოლოდინი, რომ შეთანხმება ან ზავი უკვე არსებობდა ან ძალიან ახლოს იყო.
და დღეს, ექვსი თვის თავზე, Reuters-ის აღწერა ასეთია: მოლაპარაკებები ჩიხშია. ირანის საგარეო ვაჭრობა დაახლოებით 35%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ 66%-ს მიაღწია, ჰორმუზში მოძრაობა კვლავ მკვეთრად შეზღუდულია და აშშ ახალ ეკონომიკურ ზეწოლას - ე.წ. „economic D-Day“-ს - ახორციელებს.
ვინ მართავს ირანს
ომი ექვსი თვისაა, ირანს ამ ექვსი თვის თითქმის მთელი პერიოდი ახალი უზენაესი ლიდერი ჰყავს, მაგრამ საზოგადოებას მისი არც ხმა მოუსმენია და არც ფოტო/ვიდეო უნახავს. ხელისუფლება ამბობს, რომ ის მართავს ქვეყანას, შეხვედრებს ატარებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს; Reuters-ის წყაროები ამბობენ, რომ სახეზე მძიმე დაზიანებები აქვს და უსაფრთხოების გამო იმალება. მაგრამ საჯარო მტკიცებულება იმისა, რომ ის რეალურად მართავს სახელმწიფოს, არ გამოქვეყნებულა.
ყველაზე ხშირად ჩანს პრეზიდენტი Masoud Pezeshkian. ის საუბრობს ეკონომიკაზე, ომის შედეგებზე, საგარეო ვაჭრობაზე და ხელისუფლების მუშაობაზე. მაგალითად, ახლა სწორედ პეზეშქიანმა თქვა, რომ ომის ფონზე ირანის საგარეო ვაჭრობა დაახლოებით 35%-ით შემცირდა.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ცენტრი გახდა უსაფრთხოების საბჭო და სამხედრო ხელმძღვანელობა. აგვისტოში ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნად დანიშნეს Mohsen Rezaei - რევოლუციური გვარდიის ყოფილი სარდალი. თან მოჯთაბა ხამენეიმ ის საბჭოში თავის პირად წარმომადგენლადაც დანიშნა. ეს ორგანო დღეს ომის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების ცენტრია.
ხოლო ჰორმუზზე და სამხედრო საკითხებზე მუდმივად ჩანს რევოლუციური გვარდია - IRGC. მაგალითად, სწორედ მისი საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის „სრული კონტროლის ქვეშაა“ და შეზღუდვები გაგრძელდება, სანამ აშშ ირანის პირობებს არ შეასრულებს.
ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ხამენეის განცხადებებიც ქვეყნდება. სახელმწიფო მედია ავრცელებს მის მითითებებსა და გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ახლა გავრცელდა მისი მოწოდება, რომ ხელისუფლებამ ინფლაციასა და ეკონომიკურ პრობლემებს მიხედოს; ასევე მისი მითითება, რომ არ დაუშვან ისეთი ქმედებები, რომლებიც „საზოგადოებრივ ერთიანობას“ დააზიანებს.
Reuters-ის 28 აგვისტოს დიდი მასალის მიხედვით, ექვსი თვის განმავლობაში არ გამოქვეყნებულა მისი არც ფოტო, არც ვიდეო და არც მისი ხმის ჩანაწერი. ხელისუფლება ამბობს, რომ ის შეხვედრებს ატარებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ საზოგადოება ამას საკუთარი თვალით ვერ ხედავს.
კიდევ უფრო საინტერესო დეტალია: სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, პეზეშქიანი ივლისის ბოლოს პირადად შეხვდა ხამენეის. პრეზიდენტიც ამბობს, რომ მასთან კონტაქტი აქვს. მაგრამ ამ შეხვედრის ფოტოც ან ვიდეოც არ გამოუქვეყნებიათ. მეტიც, ბასიჯის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა აგვისტოში თქვა, რომ მომავალში ხამენეის კადრებს გაავრცელებდნენ და ამით ეჭვებს გაფანტავდნენ, მაგრამ Reuters-ის 28 აგვისტოს მდგომარეობით ასეთი საჯარო მტკიცებულება კვლავ არ არსებობდა.
და აქ უკვე ბუნებრივად ჩნდება მთავარი კითხვა: მოჯთაბა ხამენეი მართლაც სრულად მართავს ირანს ჩრდილიდან, თუ ომმა ძალაუფლება ფაქტობრივად გადაანაწილა პრეზიდენტს, უსაფრთხოების საბჭოსა და რევოლუციურ გვარდიას შორის? Reuters-ის მიხედვით, ამაზე ეჭვები უკვე თვით ირანის როგორც კონსერვატიულ, ისე რეფორმისტულ წრეებშიც არსებობს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |