სტატიები
ეზოში ტერასას აკეთებდა და ვიკინგების „სეიფი“ იპოვა - დანიაში ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ვერცხლის განძი აღმოაჩინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 სექტემბერი 2026, 10:49
აღმოჩენა დანიის ჩრდილოეთში, იუტლანდიის ქალაქ რებილდში მოხდა. სახლის მეპატრონე, რომლის ვინაობაც მისი სურვილით არ საჯაროვდება, ეზოში ახალ, ფილებით მოპირკეთებულ ტერასას აკეთებდა. ბალახს, ქვებსა და ხრეშს იღებდა და დაახლოებით ნახევარი საათის მუშაობის შემდეგ ბაღის ჩანგალი რაღაც მყარ საგანს მოხვდა - უცნაური ხმა გაისმა. თავიდან იფიქრა, ძველი რკინა, ღობის მავთული ან კერამიკის ნატეხი იქნებაო. ხელით რომ დაიწყო მიწის გაფრთხილებით ამოღება, ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა სამკაული, მონეტები და ვერცხლის ზოდები.

საბოლოოდ არქეოლოგებმა მიწიდან ამოიღეს დაახლოებით 18.5 კილოგრამი ვერცხლი - დაახლოებით 700 ნივთი და ფრაგმენტი. ეს დანიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვიკინგების ეპოქის ყველაზე დიდი ცნობილი ვერცხლის განძია და წონით თითქმის სამჯერ აღემატება წინა რეკორდსმენს - დაახლოებით 6.5-კილოგრამიან Terslev-ის განძს.

კონკრეტულად რა იპოვეს?

განძშია უამრავი ვერცხლის ზოდი, სამაჯურები, დაჭრილი ვერცხლის ნატეხები, 47 მთლიანი მონეტა და მონეტების ფრაგმენტები, ასევე პატარა თორის ჩაქუჩის - Mjölnir-ის - ვერცხლის საკიდი. დაახლოებით 320 ნივთი, საერთო წონით 6.4 კგ, ისევ იმ თიხის ჭურჭელში იდო, რომელშიც ვიკინგების ეპოქაში ჩაალაგეს. დანარჩენი დროთა განმავლობაში ჭურჭლის გარშემო მიწაში გაფანტულიყო.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მონეტებია, რადგან ისინი გვაჩვენებს, რამდენად გლობალური იყო ვიკინგების სამყარო ათასი წლის წინ.


განძში აღმოჩნდა არაბული ვერცხლის დირჰემები - მონეტები ისლამური სამყაროდან - და ანგლოსაქსური მონეტები ინგლისიდან. მათ შორისაა ინგლისის მეფე ედუარდ უფროსის პერიოდის მონეტები, რომელიც 899–924 წლებში მეფობდა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია განძის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მონეტა: ის იორკში დაახლოებით 921–925 წლებშია მოჭრილი, როდესაც ქალაქს ვიკინგები აკონტროლებდნენ.

მასზე ერთდროულად ჩანს ხმალი და ჩაქუჩი, ხოლო წარწერა დაახლოებით „წმინდა პეტრეს მონეტებს“ ნიშნავს. დანიის ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების აზრით, ეს საოცრად კარგად ასახავს გარდამავალ ეპოქას, როდესაც ქრისტიანული და ძველსკანდინავიური წარმართული სიმბოლოები ერთდროულად გამოიყენებოდა.

თორის პატარა ჩაქუჩიც ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. განძი იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც ქრისტიანობა სკანდინავიაში უკვე ვრცელდებოდა, მაგრამ ძველი სკანდინავიური რელიგია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

რატომ არის 18.5 კგ ვერცხლი ასეთი მნიშვნელოვანი?

იმიტომ, რომ ვიკინგებისთვის „ფული“ ყოველთვის მონეტას არ ნიშნავდა.

ვერცხლი ხშირად წონით ფასდებოდა. შეიძლებოდა სამაჯურის ნაწილი მოეჭრათ, ვერცხლის ზოდი დაეყოთ ან უცხოური მონეტა უბრალოდ ვერცხლის გარკვეულ რაოდენობად მიეღოთ.

ამიტომ განძში ბევრია ე.წ. hacksilver - დაჭრილი ვერცხლი.

უფრო საინტერესო კი ისაა, რომ აღმოჩენილი ზოდებისა და სხვა ვერცხლის ნივთების დიდი ნაწილი გარკვეულ წონით ჯგუფებში ჯდება. არქეოლოგებისთვის ეს მიანიშნებს, რომ შემთხვევით დაგროვილ სამკაულებთან კი არა, ძალიან ორგანიზებულ სიმდიდრესთან გვაქვს საქმე, რაღაცასთან, რასაც თანამედროვე ენით შეიძლება დანაზოგი ან ხაზინა ვუწოდოთ.

ჩრდილოეთ იუტლანდიის მუზეუმის არქეოლოგმა ტორბენ სარაუმ თქვა, ეს დაახლოებით „ვიკინგების ეპოქის სეიფის პოვნას“ ჰგავს.


ერთ-ერთ ვერცხლის ზოდზე რუნული წარწერაა. იგი შესაძლოა იკითხებოდეს როგორც „hutu“ და არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ადამიანის სახელი ან მფლობელის ნიშანი.

ანუ თეორიულად, ათასი წლის შემდეგ შეიძლება ხელში გვქონდეს არა მხოლოდ ვიკინგის ქონება, არამედ მის მიერ საკუთარი ქონების მოსანიშნად გაკეთებული წარწერაც.

და რატომ დამალა ვიღაცამ ამხელა სიმდიდრე? ეს ჯერჯერობით არავინ იცის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი