272
04 აგვისტო 2026, 22:17
სამი მსხვილი ბანკი - Deutsche Bank, Bank of America და JPMorgan Chase - აჭიანურებდა გარდაცვლილი ამერიკელი ფინანსისტის, სექსუალური დანაშაულებისთვის მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საეჭვო ფინანსურ ოპერაციებზე ანგარიშების წარდგენას. ამის შესახებ Bloomberg-ი დემოკრატი სენატორის, რონ უაიდენის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტის თანახმად, Deutsche Bank-მა დადგენილ ვადაში არ გაავრცელა ინფორმაცია ეპშტეინთან დაკავშირებული, 250 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციების შესახებ. მათ შორის იყო თანხის გადარიცხვები რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქალებისთვის.
Bank of America-მ მხოლოდ ხუთიდან შვიდი წლის დაგვიანებით აცნობა შესაბამის ორგანოებს ეპშტეინსა და მილიარდერ ლეონ ბლეკთან დაკავშირებული, 170 მილიონი დოლარის ღირებულების ოპერაციების შესახებ. ბანკის განცხადებით, ამ გარიგებებს „აშკარა ეკონომიკური, საქმიანი ან კანონიერი მიზანი არ ჰქონდა“.
ლეონ ბლეკი, რომელიც ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management-ის ყოფილი გენერალური დირექტორია, მანამდე აცხადებდა, რომ ეპშტეინს მემკვიდრეობის დაგეგმვისა და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციებისთვის უხდიდა. ჟურნალისტების ცნობით, ბლეკი ასევე ამბობდა, რომ ეპშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ბანკები ვალდებული არიან, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენიდან 60 დღის განმავლობაში შეატყობინონ ფინანსთა სამინისტროს. უაიდენის ანგარიშში დასახელებულმა სამივე ბანკმა ეს მოთხოვნა დაარღვია - ზოგიერთ შემთხვევაში ანგარიშები რამდენიმე წლის დაგვიანებით წარადგინეს.
Deutsche Bank-მა Bloomberg-ისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. JPMorgan-მა კი აღნიშნა, რომ ეპშტეინთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მარეგულირებელი ორგანოებისთვის ანგარიშების გაგზავნა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო და მათი მოცულობა „მისი დანაშაულების სრული მასშტაბის გამოვლენის შემდეგ“ გაზარდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |