როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა, - განუცხადა მედიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
მისი თქმით, საქართველომ 2008 წელს მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება და დამოუკიდებლობის გადარჩენა.
„აქ ვართ 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ფართომასშტაბიანი შემოტევა საქართველოს წინააღმდეგ. აქტიური სამხედრო მოქმედებები ბევრად ადრე, პირველში დაიწყო, მაგრამ ჩვენი მთავრობა თავს იკავებდა სამხედრო პასუხისგან. როდესაც 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ძალიან დიდი ნაწილი - ტანკები, არტილერია, ტექნიკა, დიდი რაოდენობით ძალა შემოვიდა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან როკის გვირაბისკენ, მიემართებოდნენ ცხინვალისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც საქართველოს გეოგრაფია იცის, ქართული სოფლები ფაქტობრივად უნდა აეწიოკებინათ და ბუნებრივია, აბსოლუტურად დაუშვებელი იქნებოდა, ქართულ სახელმწიფოს ამაზე რეაგირება არ მოეხდინა, ამ ფართომასშტაბიან შემოჭრაზე და იმ საფრთხეზე, რომელიც ემუქრებოდა ჩვენს მოსახლეობას. სწორედ ის გააკეთა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა.
გასცა ბრძანება, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მომხდარიყო ჩვენი მთავრობის, საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია. პირველ ყოვლისა, ჩვენი ხალხის, გმირების თავდადებამ და ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომამ გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც ვერ მოახერხა წინა, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობამ 1921 წელს. საქართველომ 2008 წელს მოახერხა რუსეთის აგრესიის შეჩერება და ჩვენი დამოუკიდებლობის გადარჩენა“, - აღნიშნა ბარამიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |