საქართველო ცდილობს თავი დაიმკვიდროს არა როგორც მორჩილმა ობიექტმა, არამედ როგორც სუბიექტმა, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები და „წითელი ხაზები“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 დეკემბერი 2025, 20:49

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრას - „ელჩების კონფერენციას“.

მისი თქმით, ელჩების ყოველწლიური კონფერენცია იქცა მკაფიო პოლიტიკური გზავნილის მატარებელ პლატფორმად, რომლის მთავარი მესიჯი ოყო - ქვეყნის სუვერენიტეტი, პრაგმატიზმი, მშვიდობის შენარჩუნება.

ქართველიშვილის აღნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც სუბიექტმა, რომელსაც საკუთარი ინტერესები და „წითელი ხაზები“ გააჩნია.

„მიმდინარე კვირას თბილისში გამართული ელჩების ყოველწლიური კონფერენცია არ იყო მხოლოდ დიპლომატიური კალენდრის ფორმალური ღონისძიება. ის იქცა მკაფიო პოლიტიკური გზავნილის მატარებელ პლატფორმად, რომლის მეშვეობითაც საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებსა და შიდა აუდიტორიას ერთდროულად გადასცა მთავარი მესიჯი: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება სუვერენიტეტს, პრაგმატიზმს, მშვიდობის შენარჩუნებას და არა იდეოლოგიურ კონიუნქტურას ან გარე ზემოქმედებას.

კონფერენციაზე გაჟღერებული გზავნილები ადასტურებს, რომ საქართველო ცდილობს თავი დააღწიოს „პროქსი სახელმწიფოს“ როლს და დაიკავოს პოზიცია, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს რისკს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. ეს არჩევანი არ არის მიმართული რომელიღაც გეოპოლიტიკური ბლოკის წინააღმდეგ; იგი წარმოადგენს მცდელობას, საგარეო პოლიტიკა იქცეს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობისა და სახელმწიფო მდგრადობის ინსტრუმენტად.

ამ კონტექსტში აშკარაა, რომ მთავარი ბენეფიციარი თავად ქართული სახელმწიფოა, როგორც მმართველი სისტემა. მცირე ქვეყნისთვის, რომელიც გარშემორტყმულია კონფლიქტებითა და ინტერესთა გადაკვეთით, არ ჩაითრიოს ქვეყანა სხვისი სტრატეგიული თამაშების ეპიცენტრში, უკვე წარმოადგენს პოლიტიკურ მიღწევას. სუვერენული და პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკა ამცირებს სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ შოკებს, და აძლიერებს შიდა სტაბილურობას.

იგებს ასევე საზოგადოების ის ფართო ნაწილი, რომელიც არ არის ჩართული მუდმივ პოლიტიკურ აქტივიზმში და რომლისთვისაც პრიორიტეტია მშვიდობა, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და უსაფრთხოება. ამ ჯგუფისთვის საგარეო პოლიტიკის „ყურადღების შემცირება“ არ ნიშნავს საერთაშორისო იზოლაციას, არამედ ნიშნავს ყოველდღიური ცხოვრების რისკის შემცირებას.

დადებითად აღიქვამენ ამ კურსს ის საერთაშორისო პარტნიორებიც, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობას აშენებენ არა იდეოლოგიური ზემოქმედების, არამედ პრაქტიკული თანამშრომლობის საფუძველზე - ტრანზიტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ფინანსები. მათთვის საქართველო წარმოდგება, როგორც სტაბილური და რაციონალური პარტნიორი, რომელიც არ ქმნის დამატებით კრიზისებს.

მეორე მხრივ, ამ საგარეო პოლიტიკურმა ხაზმა აშკარად დააზარალა რადიკალური და არაინსტიტუციური ოპოზიცია, რომლის ძირითადი ნარატივი ეფუძნებოდა საერთაშორისო იზოლაციის, სანქციებისა და „დასავლეთთან გაწყვეტილი კავშირების“ თეზისს. როდესაც სახელმწიფო ინარჩუნებს დიპლომატიურ არხებს და არ დგება საგარეო კოლაფსის წინაშე, ამ არგუმენტებს საფუძველი ეცლება. ასევე ზიანდებიან ის გარე აქტორები, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობაში მიჩვეულნი იყვნენ ზეგავლენის, ულტიმატუმებისა და ცალმხრივი მოთხოვნების ენას.

ელჩების კონფერენციაზე მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ დიალოგი მისაღებია, მაგრამ შანტაჟი - არა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს თავი დაიმკვიდროს არა როგორც მორჩილმა ობიექტმა, არამედ როგორც სუბიექტმა, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები და „წითელი ხაზები“. გარკვეულწილად მარცხდება თავად კონცეფცია „ინტეგრაცია ნებისმიერ ფასად“, როდესაც პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი, ხოლო პოლიტიკური ლოზუნგი - უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება.

2025 წლის საგარეო პოლიტიკის ლოგიკა ცხადყოფს: თუ ინტეგრაცია არ აძლიერებს სუვერენიტეტს და არ ზრდის ქვეყნის მდგრადობას, იგი კარგავს პრაქტიკულ მნიშვნელობას.

შეჯამებით, მიმდინარე კურსი არ წარმოადგენს არც „დასავლეთის წინააღმდეგ გამარჯვებას“ და არც „აღმოსავლეთისკენ შემობრუნებას“. იგი წარმოადგენს მცდელობას, საქართველო გამოვიდეს მოსწავლის როლიდან და გადავიდეს ცივი, გააზრებული მოსაუბრის პოზიციაზე. თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში ეს არის არა სისუსტის, არამედ პასუხისმგებლობის გამოვლენა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება
ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს. „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
გიორგი გამსახურდია: „აკაცუკების“ გადმოსახედიდან თურმე მარტო ერთი ძალიან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფისთვის უნდა იყოს მისაღები სახალხო დამცველი, მაგალითად, როგორც ლომჯარია და ცალ ფეხზე მდგომი ბურჯანაძე - შეშფოთებას იწვევს თურმე, როდესაც ლევან იოსელიანი თეთრზე შავს არ იძახის
დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატიამ „დემოკრატიული ღირებულებები“ ზეწოლის კლასიკურ ინსტრუმენტად აქცია: თუ ასრულებ მათ პოლიტიკურ მითითებებს, ნებისმიერ კანონს მოიწონებენ, ხოლო თუ დამოუკიდებლობას იჩენ, დასავლური ინსტრუქციების გადმოღებასაც კი სასიკვდილო ცოდვად გამოგიცხადებენ
არქივი