1
10 სექტემბერი 2026, 11:02
Google-მა 9 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ფინეთში მინიმუმ €13 მილიარდს - დაახლოებით $15.1 მილიარდს - ჩადებს. ეს Google-ის ისტორიაში ევროპაში განხორციელებული ყველაზე დიდი ერთჯერადი ინვესტიციაა.
დაგეგმილია ახალი მონაცემთა ცენტრები და ინფრასტრუქტურა ჰამინაში, კაიაანში, მუჰოსსა და ვაალაში; ელექტროქსელის განვითარება; ახალი ქარის ენერგია; დიდი ბატარეების სისტემა და ატომურ ენერგიასთან დაკავშირებული პროექტი. ყველაფერი ეს საჭიროა Google-ის ისეთი სერვისების მზარდი გამოთვლითი მოთხოვნისთვის, როგორებიცაა Gemini, Search, Maps და YouTube.
რატომ სჭირდება Google-ს ატომური ელექტროსადგური?
AI ჩვეულებრივ ინტერნეტსერვისზე გაცილებით მეტ გამოთვლით რესურსს მოითხოვს. უზარმაზარ მონაცემთა ცენტრებში ათასობით სპეციალიზებული ჩიპი მუშაობს; მათ სჭირდებათ ელექტროენერგია და გაგრილება.
ამიტომ AI-ის კონკურენციაში კომპანიებისთვის ახალი პრობლემა გაჩნდა: შეგიძლია იყიდო ჩიპები. შეგიძლია ააშენო მონაცემთა ცენტრი. მაგრამ საიდან მოიტან ელექტროენერგიას, რომელიც მას 24 საათის განმავლობაში ამუშავებს?
სწორედ ამიტომ Google-მა ფინურ ენერგოკომპანია Fortum-თან 22-წლიანი ელექტროენერგიის შესყიდვის შეთანხმება გააფორმა ლოვიისას ატომურ ელექტროსადგურზე. Reuters-ის მიხედვით, შეთანხმება შესაძლოა სადგურის გამომუშავების 50%-მდე მოიცავდეს. ეს Google-ის პირველი ასეთი ატომური ენერგიის შეთანხმებაა აშშ-ის ფარგლებს გარეთ.
და საინტერესოა Google-ის საინვესტიციო ხელმძღვანელის რუთ პორატის მიერ გამოყენებული ფრაზაც: BYOP — “Bring Your Own Power”, ანუ დაახლოებით - „საკუთარი ენერგიაც თან მოიტანე“.
ეს ერთი ფრაზა ძალიან კარგად აღწერს იმას, რაც AI-ეკონომიკაში ხდება.
Google არ ყიდულობს ლოვიისას ატომურ ელექტროსადგურს და თავად არ ხდება მისი ოპერატორი. სადგურს Fortum მართავს.
სადგური ფაქტობრივად, ათწლეულების განმავლობაში ელექტროენერგიის დიდი მოცულობის შეძენის გარანტიას აძლევს მწარმოებელს.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ლოვიისას სადგურის სიცოცხლის 2050 წლამდე გასახანგრძლივებლად Fortum-ს დიდი ინვესტიცია სჭირდება. Fortum-ს დაახლოებით €1-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამა აქვს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება ჯერ კიდევ წინ არის. Google-ის 22-წლიანი კონტრაქტი ენერგოკომპანიას აძლევს პროგნოზირებად შემოსავალს და შესაბამისად - მეტი ინვესტიციის განხორციელების ეკონომიკურ საფუძველს.
აშშ-ში Google-ს უკვე გაფორმებული აქვს 25-წლიანი შეთანხმება აიოვაში Duane Arnold-ის ატომური ელექტროსადგურის 615 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის შესაძენად. სადგური 2020 წელს დაიხურა, ახლა კი მისი ხელახლა ამუშავება იგეგმება. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ პროექტს ამ კვირაში $1.9 მილიარდამდე სესხიც გამოუყო.
სხვა სიტყვებით: AI-ის მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უკვე დახურული ატომური რეაქტორების დაბრუნებაც ეკონომიკურად საინტერესო ხდება.
ეს არის ბევრად დიდი ამბავი, ვიდრე ერთი Google-ის ინვესტიცია.
რატომ მაინცდამაინც ფინეთი? მიზეზი რამდენიმეა
პირველი - ცივი კლიმატი.
მონაცემთა ცენტრის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სერვერების გაგრილებაა. ჩრდილოეთ ფინეთში ზამთარში ტემპერატურა −10°C-ზე ბევრად დაბლაც ჩამოდის. ცივი გარე ჰაერი გაგრილების ხარჯების შემცირებაში ეხმარება მონაცემთა ცენტრებს.
მეორე - სტაბილური ელექტროქსელი და დაბალნახშირბადიანი ენერგია.
მესამე - ფინეთს ატომური და განახლებადი ენერგიის კომბინაცია აქვს.
მეოთხე კი გეოგრაფიაა: Google ამბობს, რომ ახალი ცენტრების ადგილმდებარეობა Fingrid-თან და ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად შეარჩია იქ, სადაც უკვე არსებობს ძლიერი ელექტროქსელი და ელექტროენერგიის წარმოების გაფართოების შესაძლებლობა.
ამიტომ მომავალში ქვეყნებს შორის კონკურენციაც შეიძლება შეიცვალოს.
ადრე ინვესტორის მოსაზიდად მნიშვნელოვანი იყო:
იაფი მუშახელი, დაბალი გადასახადები, კარგი გზები.
AI-ის ეპოქაში ამას ემატება: ბევრი ელექტროენერგია, სტაბილური ქსელი, ცივი კლიმატი, მონაცემთა ინფრასტრუქტურა.
რატომ არ აშინებს ფინეთს ასეთი უზარმაზარი ელექტრომომხმარებელი?
მონაცემთა ცენტრების მიმართ ბევრ ქვეყანაში პროტესტია. ისინი უზარმაზარ ელექტროენერგიასა და ზოგ შემთხვევაში წყლის რესურსებს მოიხმარენ და ჩნდება კითხვა, ხომ არ გაზრდიან ისინი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასს.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ Google-ის პროექტზე პირდაპირ თქვა, რომ არსებული ინფორმაციით ქვეყანაში საკმარისი ელექტროენერგიაა და მთავრობა ელოდება, რომ მიწოდება საკმარისი დარჩება და ფასები კონტროლს არ გასცდება.
Google კი ცდილობს დამატებითი მოთხოვნა თვითონვე დააბალანსოს.
მაგალითად, კომპანია მხარს უჭერს ორ ახალ ხმელეთის ქარის პროექტს; მისი კონტრაქტირებული ახალი ქარის სიმძლავრე ფინეთში 629 მეგავატამდე უნდა ავიდეს. ამას ემატება 94-მეგავატიანი ბატარეა, რომელიც კაიაანის მონაცემთა ცენტრთან განთავსდება და მაშინ დაეხმარება ქსელს, როდესაც ქარი არ არის ან მოთხოვნა იზრდება.
ანუ ფორმულა უკვე ასეთია:
ატომი - მუდმივი საბაზისო ენერგია. ქარი - იაფი დაბალნახშირბადიანი ენერგია. ბატარეა - სისტემის მოქნილობა.
ეს თითქმის პატარა ენერგოსისტემაა AI-ის ინფრასტრუქტურის გარშემო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |