მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2026, 00:24

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაში „Raisina Middle East“ მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სიტყვით გამოვიდა თემატურ დისკუსიაზე - „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის რეგიონულ განზომილებასა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე ილაპარაკა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობებზე. მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანასთან არსებული ეკონომიკური პარტნიორობა საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

„საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული, რაც კიდევ უფრო ზრდის რეგიონში ჩვენი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა გეოპოლიტიკურად მეტად სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს. ხოლო იმ ეკონომიკურ პარტნიორობებს, რომლებსაც ჩვენ ვავითარებთ, საქართველოსთვის დამატებითი ღირებულება მოაქვს. ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული გვაქვს ევროკავშირთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვადასხვა რეგიონთან. ეს საქართველოსთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ მნიშვნელობაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა სცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას.

„ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა უდავოდ სცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და გავლენას ახდენს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს ორივე რეგიონი უაღრესად მნიშვნელოვანია, ხოლო მათ შორის კავშირები დიდ მნიშვნელობას იძენს როგორც ფართო რეგიონული, ისე შესაძლოა გლობალური თანამშრომლობის ჭრილშიც“, - აღნიშნა მინისტრმა.

რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების კონტექსტში მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

„დღეს საქართველო არამხოლოდ სამხრეთ კავკასიას აკავშირებს ევროპულ და მსოფლიო ბაზრებთან, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ილაპარაკა რეგიონში არსებული კონფლიქტების გავლენაზე და აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ კვანძად ჩამოყალიბებას ხელი ვერ შეუწყო. მიუხედავად ამისა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს არაერთი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტის განხორციელება, რომლებიც დღეს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება, ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარება.

„ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება - არამხოლოდ კრიზისულ ვითარებაში, არამედ სტაბილურ პერიოდებშიც“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვადასხვა რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ინვესტიციების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ვსაუბრობთ დამოკიდებულებაზე და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება მდგრადობის მიღწევის გზა არ არის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი თანამშრომლობის განვითარება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

თემატურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში რიმ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი, ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი მანიშ ტევარი, იორდანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ბიშერ ალ-ხასავნე. სესიას მოდერაციას უწევდა „აზია ჯგუფის“ (The Asia Group) პარტნიორი და თავმჯდომარე აშოკ მალიკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს
​აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რუსეთში მისი ჩასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
დონალდ ტრამპი: უკრაინაში ომის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბაიდენი რუსეთის მასხრად აგდებით იყო დაკავებული
გური სულთანიშვილი: ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს. ეკონომიკური, საიმიგრაციო, პოლიტიკური - ყველა მიმართულებით კრიზისია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ
ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს
არქივი