ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება-ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 მარტი 2020, 13:40

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს,  განცხადების თანახმად, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება კორონავირუსის გამო შექმნილ გაურკვევლობას უკავშირდება, რომელიც მოლოდინის არხით ფინანსურ ბაზრებს გადაეცა.

სებ-ის განცხადებაში ლარის გაუფასურების მიზეზებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის.

„კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება. მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია.

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატის, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”,-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი