შსს – „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლები ჩამოინგრა, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის გამოწვევას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ნოემბერი 2026, 22:01

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია და ვიდეომასალა არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, რომლის თანახმადაც, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფეისბუქგვერდ „პირველ ამბებს“ არაერთხელ გაუვრცელებია სენსიტიური შინაარსის მქონე ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებისას, არ დაეყრდნოს გადაუმოწმებელ წყაროებს და არ შეუწყოს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშისა და პანიკის გამოწვევის საფრთხეს ქმნის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი