სტატიები
მსოფლიო ექსტრემალური ამინდის მოლოდინში - გვალვა, წყალდიდობა და რეკორდული სიცხე - წყნარი ოკეანე რეკორდულად თბება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 აგვისტო 2026, 11:39

წყნარ ოკეანეში „გოძილა“ იღვიძებს. ელ-ნინიო შესაძლოა ისტორიაში ყველაზე ძლიერი გახდეს

ელ-ნინიო, ეს არც ქარიშხალია, არც ცუნამი და არც წყალდიდობა. მას ვერ დაინახავთ, როგორც ციდან მომავალ გიგანტურ ღრუბელს, მაგრამ შეუძლია ერთ კონტინენტზე გვალვა გააძლიეროს, მეორეზე ძლიერი წვიმები მოიტანოს, გავლენა მოახდინოს მოსავალზე, საკვების ფასებზე და საბოლოოდ მთელი პლანეტის საშუალო ტემპერატურაზეც.

ელ-ნინიო ბუნებრივი კლიმატური მოვლენა, რომელიც მეცნიერებისთვის საუკუნეზე მეტია ცნობილია. თუმცა ამჯერად ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: 2026 წლის ელ-ნინიო შესაძლოა თანამედროვე დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს.

ზოგიერთმა მას უკვე ხმაურიანი სახელიც შეარქვა - „გოძილა ელ-ნინიო“.

რა ხდება წყნარ ოკეანეში?

ელ-ნინიო საშუალოდ ორიდან შვიდ წელიწადში ერთხელ ჩნდება. ნორმალურ პირობებში წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ქარები თბილ ზედაპირულ წყალს დასავლეთისკენ, აზიისა და ავსტრალიის მიმართულებით უბიძგებს.

ელ-ნინიოს დროს ეს სისტემა იცვლება. ცენტრალურ და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში წყლის ზედაპირი უჩვეულოდ თბება.

რამდენიმე გრადუსი თითქოს უმნიშვნელო სხვაობაა, მაგრამ საუბარია პლანეტის უდიდეს ოკეანეზე. ასეთ უზარმაზარ სივრცეში დაგროვილი სითბო ატმოსფეროს ცირკულაციას ცვლის და სწორედ ამიტომ შედეგები წყნარი ოკეანის სანაპიროებს აღარ შემოიფარგლება.

2026 წელს პროცესი განსაკუთრებული სისწრაფით განვითარდა. ელ-ნინიოს პირობები აპრილში ჩამოყალიბდა, მაისში გაძლიერდა, ივნისში კი ე.წ. Niño 3.4 რეგიონში ტემპერატურული ანომალია უკვე +1.6°C-ს აღწევდა, რაც „ძლიერი ელ-ნინიოს“ ზღვარს სცდება. ივლისის პირველ კვირებში მაჩვენებელი +2°C-საც გადასცდა.

Carbon Brief-მა 14 სხვადასხვა პროგნოზირების სისტემის 667 მოდელური გათვლა შეისწავლა.

მათი 91% ვარაუდობს, რომ 2026 წლის ელ-ნინიო პიკზე თანამედროვე დაკვირვებების ისტორიაში დაფიქსირებულ ყველაზე ძლიერ ელ-ნინიოს გადააჭარბებს. უფრო მკაცრი მეთოდით შეფასების შემთხვევაშიც მოდელების 77% ახალ რეკორდს პროგნოზირებს.

რეკორდი ჯერ არ დამყარებულა. მეცნიერები იმას არ ამბობენ, რომ უკვე ვიცით, რამდენად ძლიერი იქნება მოვლენა. კლიმატურ მოდელებს ცდომილება აქვთ და წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაზაფხულსა და ზაფხულში გაკეთებულმა პროგნოზებმა ელ-ნინიოს საბოლოო ძალა გადააჭარბა.

მაგრამ ამჯერად მოდელების დიდი უმრავლესობა ერთი მიმართულებით - ძალიან ძლიერი მოვლენისკენ მიუთითებს. ისეთს, რომელიც ბოლოს 1000 წლის წინ დაფიქსირდა. 

მაგრამ საიდან გაჩნდა „1000 წელი“?

ცხადია, ათასი წლის წინ წყნარ ოკეანეში ტემპერატურის საზომი ბუები და მეტეოროლოგიური თანამგზავრები არ არსებობდა. მაშ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს თქვან, როგორი იყო ელ-ნინიო შუა საუკუნეებში?

პასუხი მარჯნებია.

მარჯნის ჩონჩხი ზრდისას გარემოს ქიმიურ კვალს ინახავს. მეცნიერებს მისი შესწავლით შეუძლიათ აღადგინონ, როგორ იცვლებოდა ოკეანის პირობები ასეულობით წლის წინ.

ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა გალაპაგოსის რეგიონიდან დაახლოებით ათასწლეულის კლიმატური ისტორია აღადგინეს. შედეგმა აჩვენა, რომ თანამედროვე ეპოქაში - განსაკუთრებით 1980-იანი წლებიდან - ელ-ნინიოს ცვალებადობა და ექსტრემალურობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მკვლევრები ამ ცვლილებას ადამიანის მიერ გამოწვეულ გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

კვლევა ამბობს უფრო მნიშვნელოვან რამეს: ბოლო ათწლეულების ელ-ნინიოს რეჟიმი წინა საუკუნეების ბუნებრივ დიაპაზონთან შედარებით უჩვეულოდ გაძლიერდა. პარალელურად კი დამოუკიდებელი თანამედროვე პროგნოზები მიუთითებს, რომ წლევანდელი კონკრეტული ელ-ნინიო შეიძლება დაკვირვებების ეპოქის რეკორდსმენიც გახდეს.

„Godzilla El Niño“ ოფიციალური სამეცნიერო ტერმინი არ არის. ეს მეტსახელია, რომლითაც განსაკუთრებით მასშტაბურ მოვლენას აღწერენ. მეცნიერებაში ძალიან ძლიერ, დაახლოებით +2°C-სა და მეტ ანომალიას ხშირად „super El Niño“-ს უწოდებენ.

სახელი შეიძლება გაზვიადებულად ჟღერდეს, მაგრამ მასშტაბი მართლაც სერიოზულია.

ძლიერი ელ-ნინიო დედამიწაზე ერთსა და იმავე ამინდს არ ნიშნავს. სწორედ პირიქით, ის სხვადასხვა რეგიონში სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევს.

სადღაც იზრდება ძლიერი ნალექისა და წყალდიდობების ალბათობა, სხვაგან - გვალვისა და სიცხის. იცვლება ტროპიკული ციკლონების პირობები, იზრდება ტყის ხანძრების რისკი და შესაძლოა დაზარალდეს სოფლის მეურნეობაც.

და აქ კლიმატური მოვლენა უკვე ეკონომიკურ მოვლენად იქცევა.

თუ გვალვა ბრინჯის, ყავის, შაქრის ან სხვა მნიშვნელოვანი კულტურების მწარმოებელ რეგიონებს შეეხო, შედეგი საბოლოოდ შეიძლება მსოფლიოს მეორე მხარეს, სუპერმარკეტის ფასზეც გამოჩნდეს.

ელ-ნინიოს წყნარი ოკეანის გათბობის გავლენა პლანეტის საშუალო ტემპერატურაზე გარკვეული დაგვიანებით ვლინდება.

სწორედ ასე მოხდა 1997–98, 2015–16 და 2023–24 წლების მოვლენების დროს - ელ-ნინიო ერთ წელს ძლიერდებოდა, ხოლო განსაკუთრებით მაღალი გლობალური ტემპერატურა შემდეგ წელს ფიქსირდებოდა.

ამიტომ მეცნიერებისთვის დღეს მთავარი კითხვა მხოლოდ 2026 წელი არ არის. მთავარი კითხვა შეიძლება 2027 იყოს.

Carbon Brief-ის ცენტრალური პროგნოზით, თუ ძლიერი ელ-ნინიო მოსალოდნელი სცენარით განვითარდა, 2027 წლის საშუალო გლობალური ტემპერატურა შეიძლება პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1.7°C-ით მაღალი აღმოჩნდეს. მათი მოდელი 2027 წელს ახალი გლობალური ტემპერატურული რეკორდის დაახლოებით 92%-იან ალბათობას აძლევს. თუმცა ეს პროგნოზი, ბუნებრივია, ჯერ მნიშვნელოვანი გაურკვევლობის შემცველია.

ელ-ნინიო კლიმატის ცვლილებას იწვევს თუ კლიმატის ცვლილება აძლიერებს ელ-ნინიოს?

სინამდვილეში აქ ორმხრივი ურთიერთქმედებაა.

ელ-ნინიო ადამიანის მიერ შექმნილი მოვლენა არ არის. ის დედამიწის კლიმატური სისტემის ბუნებრივი ნაწილია და არსებობდა ინდუსტრიულ ეპოქამდე ბევრად ადრე.

მაგრამ ახალი კვლევა სულ უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის ვარაუდისთვის, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული დათბობა თავად ელ-ნინიოს ექსტრემალურობასაც აძლიერებს.

ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა ქმნის უფრო თბილ პლანეტას - ამ ფონზე ძლიერი ელ-ნინიო დამატებით სითბოს ათავისუფლებს ოკეანიდან ატმოსფეროში - გლობალური ტემპერატურა დროებით კიდევ უფრო მაღლა იწევს.

ამიტომ წლევანდელი მოვლენა მხოლოდ კიდევ ერთი ელ-ნინიო არ არის.

ის შეიძლება ერთგვარი ტესტიც აღმოჩნდეს - რამდენად განსხვავებულად იქცევა ათასწლეულების განმავლობაში არსებული ბუნებრივი კლიმატური მექანიზმი პლანეტაზე, რომელიც ადამიანმა უკვე მნიშვნელოვნად გაათბო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სიცოცხლის ანბანს ოთხი ასო აქვს - მეცნიერებმა რვა აამუშავეს: რას ნიშნავს ახალი გენეტიკური გარღვევა?
ეზოში ტერასას აკეთებდა და ვიკინგების „სეიფი“ იპოვა - დანიაში ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ვერცხლის განძი აღმოაჩინეს
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური პარადოქსი: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ეკონომიკის სამი განსხვავებული მოდელი, ისტორია და პერსპექტივა
„ქართველებში მტერი ვერ დავინახე“ - დაურ ბუავას გზა ტყვარჩელიდან თბილისამდე
ირანის ომი უკვე ექვსი თვისაა - ორი ჩავარდნილი ზავი და არაერთხელ გამოცხადებული მოახლოებული მშვიდობა - ვინ და როგორ მართავს დღეს ირანს?“
არქივი