სტატიები
სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური პარადოქსი: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ეკონომიკის სამი განსხვავებული მოდელი, ისტორია და პერსპექტივა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 სექტემბერი 2026, 10:46


სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ეკონომიკური სურათი ერთი შეხედვით პარადოქსულია: რეგიონის ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი სახელმწიფო - აზერბაიჯანი - ყველაზე ნელა იზრდება, მაშინ როდესაც ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მარაგების არმქონე საქართველო და სომხეთი გაცილებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებენ.

თუმცა მხოლოდ ზრდის პროცენტების შედარება ამ განსხვავებას ვერ აგვიხსნის. სამივე ქვეყანას განსხვავებული ეკონომიკური მოდელი აქვს, განსხვავებულია მათი ზრდის წყაროებიც და ბოლო წლების გეოპოლიტიკურმა მოვლენებმაც თითოეულზე სრულიად განსხვავებულად იმოქმედა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ორ დიდ რეგიონულ შოკს - უკრაინის ომსა და ყარაბაღის კონფლიქტს.

პირველმა სამხრეთ კავკასიაში შეცვალა სავაჭრო, ფინანსური და მიგრაციული ნაკადები. მეორემ კი უშუალოდ შეცვალა რეგიონის ეკონომიკური გეოგრაფია.

სწორედ ამიტომ საინტერესოა არა მხოლოდ კითხვა - ვინ იზრდება უფრო სწრაფად, არამედ ისიც, რამდენად მდგრადია ეს ზრდა და რა დარჩება მაშინ, როდესაც ბოლო წლების დროებითი ეკონომიკური სტიმულები გაქრება.


სომხეთი: მაღალი ზრდა, რომლის ნაწილი დროებითია

სომხეთის ბოლო წლების სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ერთი მიზეზი არ აქვს.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმული მიიღო რუსეთიდან ადამიანების, კაპიტალისა და ბიზნესების შემოდინებით, სავაჭრო ნაკადების ცვლილებითა და რეექსპორტის ზრდით.

ამან განსაკუთრებით გააძლიერა მომსახურება, ვაჭრობა, უძრავი ქონება და შიდა მოხმარება. 
თუმცა ეს განსაკუთრებული ეფექტი თანდათან სუსტდება.

ამის მიუხედავად, სომხეთი დაახლოებით 5%-იანი ზრდის შენარჩუნებას ახერხებს, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის დღევანდელი ზრდა მხოლოდ უკრაინის ომის შემდეგ წარმოქმნილი დროებითი შესაძლებლობებით ვეღარ აიხსნება.

ერთ-ერთი მთავარი ძრავი მშენებლობა და უძრავი ქონებაა.

მაღალი დაკრედიტება, იპოთეკური სესხები და ინვესტიციები წლების განმავლობაში სექტორს აძლიერებდა. მაგრამ სწორედ აქ ჩანს ზრდის დროებითი კომპონენტიც: იპოთეკური შეღავათების ეტაპობრივ შემცირებასთან ერთად ამ სექტორის განსაკუთრებული ტემპიც სავარაუდოდ შენელდება.

მეორე ფაქტორია ძლიერი შიდა მოხმარება. მოსახლეობის შემოსავლები და დაკრედიტება ვაჭრობასა და მომსახურებაზე მოთხოვნას ზრდის.

ამას ემატება ახალი საწარმოო პროექტებიც. მაგალითად, ახალი ოქროს საბადოს წარმოების ზრდას 2026–2027 წლებში GDP-ზე შესამჩნევი დადებითი ეფექტი ექნება.

თუმცა კონკრეტული დიდი პროექტის ამოქმედებით გამოწვეული ნახტომი მუდმივად ვერ განმეორდება.

ამიტომ სომხეთის ბოლო წლების 7–8%-იანი ზრდის შენარჩუნება ნაკლებად რეალისტურია, მაგრამ დაახლოებით 5%-იანი ზრდა უკვე გაცილებით მდგრად ნიშნულად გამოიყურება.

აზერბაიჯანის პარადოქსი - ბევრი ნავთობი, მაგრამ დაბალი ზრდა

აზერბაიჯანის მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია.

ქვეყანას აქვს ნავთობი, გაზი, დიდი სავალუტო რეზერვები და ძლიერი საექსპორტო შემოსავლები. მიუხედავად ამისა, მისი რეალური ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და სომხეთზე მნიშვნელოვნად დაბალია.

მიზეზი პირველ რიგში ნავთობის სექტორშია. ნავთობის მაღალი ფასი და ეკონომიკური ზრდა ერთი და იგივე არ არის.

ნავთობის გაძვირება სახელმწიფოსა და კომპანიებს მეტ შემოსავალს აძლევს, მაგრამ რეალური GDP-ისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკურად რამდენი პროდუქცია იწარმოება.

აზერბაიჯანში კი ნავთობის მოპოვების ზრდის შესაძლებლობა სულ უფრო შეზღუდულია.

2025 წელს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 1.4%-მდე შენელდა, ხოლო IMF 2026 წელს დაახლოებით 2.1%-იან ზრდას ელოდება. ნავთობისა და გაზის სექტორი კი კიდევ დაახლოებით 2%-ით უნდა შემცირდეს.

მართალია, არასანავთობო ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ჯერ საკმარისად სწრაფად არა იმისთვის, რომ ნავთობის წარმოების შემცირება მთლიანად გადაფაროს.

ამიტომ აზერბაიჯანის მთავარი პრობლემა ფინანსური რესურსების ნაკლებობა კი არა, ეკონომიკის გარდაქმნაა.

ქვეყანამ ნავთობით დაგროვილი სიმდიდრე უნდა გარდაქმნას კერძო ბიზნესად, წარმოებად, ტექნოლოგიად და სხვა სექტორებად, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას ნავთობის მოპოვების შემცირების შემდეგაც გააგრძელებენ.

ყარაბაღის ფაქტორი - ერთმა კონფლიქტმა სამი ეკონომიკა სხვადასხვაგვარად შეცვალა

სამხრეთ კავკასიის დღევანდელი ეკონომიკური სურათის გაანალიზება ყარაბაღის გარეშე არასრული იქნებოდა.

კონფლიქტმა ეკონომიკური შედეგი სამივე ქვეყანაზე მოახდინა, თუმცა სრულიად განსხვავებული მექანიზმით.

აზერბაიჯანისთვის ყარაბაღი უზარმაზარი სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამის მიზეზი გახდა.

სომხეთისთვის - მასობრივი მიგრაციის, სოციალური ხარჯებისა და შიდა მოთხოვნის ახალი წყარო.

საქართველოსთვის კი  ათწლეულების განმავლობაში სატრანზიტო გეოგრაფიის განმსაზღვრელი ფაქტორი.

აზერბაიჯანი - ომის შემდეგ რეკონსტრუქციის ბუმი

2020 წლის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა მის კონტროლქვეშ გადასულ ტერიტორიებზე მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო.

საჭირო გახდა გზების, ელექტროენერგიის ქსელების, საცხოვრებელი კომპლექსების, სკოლების, საავადმყოფოების, აეროპორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

ამის ეკონომიკური ეფექტი ძალიან მარტივია:

სახელმწიფო ხარჯავს მილიარდებს - იზრდება მშენებლობა - იზრდება მასალებზე და მომსახურებაზე მოთხოვნა - იქმნება სამუშაო ადგილები - იზრდება არასანავთობო GDP.

ამიტომ ყარაბაღის რეკონსტრუქციამ რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკას დამატებითი სტიმული მისცა და ნაწილობრივ გადაფარა ნავთობის სექტორის სისუსტე.

მაგრამ ასეთ ზრდას ბუნებრივი ზღვარი აქვს.

გზა ერთხელ შენდება. აეროპორტი ერთხელ შენდება. ქალაქის ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნაც მუდმივად იმავე ტემპით ვერ გაგრძელდება.

როდესაც სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ზრდა ნელდება, ეკონომიკიდან შესაბამისი სტიმულიც თანდათან ქრება.

სწორედ ამიტომ ყარაბაღის ომი აზერბაიჯანის დღევანდელი დაბალი ზრდის პირდაპირ მიზეზად ვერ ჩაითვლება. პირიქით - ომისშემდგომმა რეკონსტრუქციამ გარკვეული დროით ზრდა დააჩქარა.

ახლა კი, როდესაც ეს განსაკუთრებული სტიმული თანდათან ნორმალიზდება, უფრო მკაფიოდ ჩანს ქვეყნის ძველი სტრუქტურული პრობლემა - ნავთობის წარმოების შემცირება და არასანავთობო კერძო სექტორის არასაკმარისი ძალა.

და სწორედ აქ შეიძლება გადაწყდეს სამხრეთ კავკასიის მომავალი ეკონომიკური კონკურენცია: არა იმით, ვის მეტი ბუნებრივი რესურსი აქვს, არამედ იმით, ვინ უკეთ გამოიყენებს მშვიდობას, ახალ სავაჭრო გზებს, ადამიანურ კაპიტალსა და საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას

გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ყარაბაღში აშენებულმა ინფრასტრუქტურამ ახალი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება შექმნას - სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ლოგისტიკა და წარმოება.

ამიტომ რეკონსტრუქციის დასრულება არ ნიშნავს, რომ მისი ეკონომიკური ეფექტი მთლიანად გაქრება. უბრალოდ ეკონომიკა მშენებლობის დროებითი სტიმულიდან უკვე ახალი ინფრასტრუქტურის პროდუქტიულ გამოყენებაზე უნდა გადავიდეს.

სომხეთი - დევნილების მიღებამ მოთხოვნა გაზარდა

სომხეთის შემთხვევაში ყარაბაღის ეკონომიკური შედეგი სრულიად საპირისპირო გზით წარმოიშვა. 2023 წელს მთიანი ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა სომხეთში. ქვეყნის ზომის გათვალისწინებით ეს მნიშვნელოვანი დემოგრაფიული შოკი იყო. ადამიანებს დასჭირდათ საცხოვრებელი, საკვები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, განათლება, ჯანდაცვა და სხვა მომსახურება.

გაიზარდა სახელმწიფოს სოციალური ხარჯებიც.

შედეგად ერთდროულად გაიზარდა:

მოხმარება;

საცხოვრებელზე მოთხოვნა;

სახელმწიფო სოციალური ხარჯები;

მშენებლობა და უძრავი ქონების ბაზრის აქტივობა;

და საბოლოოდ - შიდა მოთხოვნა.

ამიტომ შეიძლება მივიღოთ ერთი შეხედვით პარადოქსული ეკონომიკური შედეგი: ჰუმანიტარულმა და პოლიტიკურმა კრიზისმა მოკლევადიან პერიოდში GDP-ის ზრდას გარკვეული დამატებითი სტიმული მისცა.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ლტოლვილთა მიღება ქვეყნისთვის „ეკონომიკური მოგება“ იყო.

ახალი მოსახლეობა სახელმწიფოსთვის დამატებითი ხარჯიცაა. საჭიროა სოციალური დახმარება, საცხოვრებელი, სკოლები, ჯანდაცვა და სამუშაო ადგილები.

მთავარი გრძელვადიანი საკითხი ამიტომ მათი ეკონომიკაში ინტეგრაციაა.

თუ ახალი მოსახლეობა დასაქმდება, ქმნის ბიზნესებს, იხდის გადასახადებს და მონაწილეობს წარმოებაში, თავდაპირველი მოხმარების ეფექტი შეიძლება სამუშაო ძალისა და წარმოების უფრო ხანგრძლივ ზრდად გადაიქცეს.

თუ ინტეგრაცია ვერ მოხერხდა, შედეგი საპირისპიროც შეიძლება იყოს - სოციალური ხარჯებისა და უმუშევრობის ზრდა.

ამიტომ სომხეთის დღევანდელი მაღალი ზრდის მთლიანად ყარაბაღით ახსნა არასწორია.

უფრო დიდი საგარეო სტიმული ქვეყანამ ჯერ კიდევ 2022 წლიდან, რუსეთიდან ადამიანების, ფულისა და ბიზნესების შემოდინებით მიიღო. ყარაბაღიდან დევნილთა ეფექტი ამას მოგვიანებით დაემატა.

საქართველო - კონფლიქტმა სატრანზიტო უპირატესობა შექმნა

საქართველოზე ყარაბაღის გავლენა ყველაზე ნაკლებად პირდაპირი, მაგრამ სტრატეგიულად ძალიან საინტერესოა.

ათწლეულების განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დახურული იყო. ამას ემატებოდა სომხეთ-თურქეთის დახურული სახმელეთო საზღვარი.

შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი სატრანზიტო შუამავალი გახდა.

სომხეთის საგარეო ვაჭრობის ნაწილისთვის ქართული ტერიტორია პრაქტიკულად აუცილებელ გზად იქცა.

ტვირთი კი ეკონომიკაში მხოლოდ სატვირთო ავტომობილი არ არის.

მშვიდობა საქართველოსთვის ერთდროულად შესაძლებლობაცაა და კონკურენციაც


ის ნიშნავს გზებისა და რკინიგზის გამოყენებას, გადამზიდავ კომპანიებს, საწვავს, საწყობებს, საბაჟო მომსახურებას, ლოგისტიკას და ზოგ შემთხვევაში ქართულ პორტებსაც.

ამიტომ ხანგრძლივმა რეგიონულმა კონფლიქტმა საქართველოს გარკვეული გეოეკონომიკური უპირატესობა შეუქმნა.

მაგრამ ახლა პარადოქსული ვითარება იქმნება:

მშვიდობა საქართველოსთვის ერთდროულად შესაძლებლობაცაა და კონკურენციაც.

თუ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ნორმალიზდება და პირდაპირი სატრანსპორტო მარშრუტები გაიხსნება, ზოგიერთი ტვირთისთვის საქართველოს გავლა საჭირო აღარ იქნება.

სწორედ ამ რისკზე მიუთითებს IMF-იც - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობამ შეიძლება შექმნას საქართველოს გვერდის ამვლელი კონკურენტული სავაჭრო მარშრუტები.

მაგრამ ეს სურათის მხოლოდ ნახევარია.

მეორე მხრივ, მშვიდობამ შეიძლება სამხრეთ კავკასიაში მთლიანად გაზარდოს ვაჭრობა, ინვესტიციები და ეკონომიკური აქტივობა.

ანუ საქართველო შეიძლება დაკარგავდეს ძველ „აუცილებელი შემოვლითი გზის“ ნაწილს, მაგრამ სანაცვლოდ აღმოჩნდეს ბევრად უფრო დიდი და ინტეგრირებული რეგიონული ეკონომიკის ცენტრში.

ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უკვე არა ძველი კონფლიქტით შექმნილი გეოგრაფიული უპირატესობა, არამედ საქართველოს კონკურენტუნარიანობა იქნება:

რამდენად სწრაფია რკინიგზა;

რამდენად ეფექტიანია პორტები;

რამდენად იაფია ტრანზიტი;

რამდენად სწრაფად გადის ტვირთი საზღვარს;

და რამდენად კარგად უკავშირდება საქართველო ცენტრალურ აზიასა და ევროპას.

აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფანს - ცენტრალური აზია–კასპიის ზღვა–აზერბაიჯანი–საქართველო–ევროპის მიმართულებას.

თუ ეს მარშრუტი ეფექტიანი და კონკურენტული გახდება, სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის დასასრულს საერთოდ არ ნიშნავს.

პირიქით, მშვიდობიანმა და ეკონომიკურად ინტეგრირებულმა სამხრეთ კავკასიამ შეიძლება მთლიანად რეგიონის სატრანსპორტო მნიშვნელობა გაზარდოს.

ყარაბაღის ეკონომიკური პარადოქსი

საბოლოოდ ერთი კონფლიქტი სამი სრულიად განსხვავებული ეკონომიკური მექანიზმით მუშაობდა.

აზერბაიჯანში - ომისშემდგომი რეკონსტრუქციისა და სახელმწიფო ინვესტიციების გზით.

სომხეთში - მიგრაციის, საცხოვრებელზე მოთხოვნის, მოხმარებისა და სოციალური ხარჯების ზრდით.

საქართველოში - რეგიონული საზღვრების ჩაკეტვით შექმნილი სატრანზიტო უპირატესობით.

მაგრამ სამივე შემთხვევაში ძველი მოდელი იცვლება.

აზერბაიჯანისთვის მთავარი კითხვაა, რა ჩაანაცვლებს რეკონსტრუქციის ბუმსა და თანდათან შემცირებულ ნავთობის წარმოებას.

სომხეთისთვის - შეძლებს თუ არა ქვეყანა ბოლო წლების მიგრაციული და საგარეო სტიმულების გარდაქმნას პროდუქტიულ ინვესტიციებად და მუდმივ სამუშაო ადგილებად.

საქართველოსთვის კი - შეძლებს თუ არა ქვეყანა კონფლიქტით შექმნილი სატრანზიტო უპირატესობის ჩანაცვლებას კონკურენტული ინფრასტრუქტურითა და რეგიონული ჰაბის ფუნქციით.

ამიტომ სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის ეკონომიკური მნიშვნელობა მხოლოდ ომის დასრულება არ არის.

ეს შეიძლება ნიშნავდეს რეგიონის ეკონომიკური რუკის თავიდან დახაზვასაც.

საქართველო - განსხვავებული ზრდის მოდელი

საქართველოს ეკონომიკური მოდელი არც სომხეთისას იმეორებს და არც აზერბაიჯანისას.

საქართველოს არ აქვს აზერბაიჯანის მსგავსი ნავთობის რესურსი. ამავე დროს, მისი დღევანდელი ეკონომიკური ზრდა სომხეთის მსგავსად მხოლოდ მშენებლობასა და მიგრაციულ ეფექტზეც არ არის დამოკიდებული.

ზრდა მომსახურების რამდენიმე მიმართულებაზეა განაწილებული.

IMF განსაკუთრებით გამოყოფს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, ტრანსპორტსა და განათლების მომსახურებას.

მნიშვნელოვანია შიდა მოხმარებაც, რომელსაც რეალური ხელფასებისა და სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდა ეხმარება.

განსაკუთრებით საინტერესოა ICT-ისა და განათლების მომსახურების ექსპორტი, რადგან ეს ისეთი მიმართულებებია, რომელთა გაფართოებას ბუნებრივი რესურსების ფიზიკური ზღვარი არ აქვს.

საქართველოსთვის მეორე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ტრანსპორტი და გეოგრაფიული მდებარეობაა.

უკრაინის ომის შემდეგ შეცვლილმა სავაჭრო მარშრუტებმა შუა დერეფნის მნიშვნელობა გაზარდა და საქართველოს დამატებითი შესაძლებლობა მისცა.

მაგრამ ეს უპირატესობაც ავტომატური არ არის.

მაღალი სატრანსპორტო ხარჯები, ინფრასტრუქტურული შეზღუდვები და საზღვრებზე პროცედურები საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზღუდავს.

ამიტომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია საქართველოსთვის უბრალოდ გზებისა და რკინიგზის მშენებლობა აღარ არის - ეს ბრძოლაა იმისთვის, თუ რომელ მარშრუტს აირჩევს მომავალში ევროპასა და აზიას შორის მოძრავი ტვირთი.

რამდენად მდგრადია საქართველოს მაღალი ზრდა?

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდებოდა.

2025 წელს რეალური GDP 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურმა ზრდამ 9.1%-საც მიაღწია.

მაგრამ IMF ამ ტემპს საქართველოს მუდმივ ეკონომიკურ ნორმად არ მიიჩნევს.

ფონდის ივნისის პროგნოზით, 2026 წლის მთლიანობაში ზრდა დაახლოებით 6.5%-მდე შენელდება და 2028 წლისთვის დაახლოებით 5%-იან საშუალოვადიან პოტენციალს დაუბრუნდება.

ამის მიზეზი მარტივია.

ბოლო წლების განსაკუთრებით მაღალი ზრდის ნაწილი განსაკუთრებულ საგარეო გარემოს უკავშირდებოდა - უკრაინის ომის შემდეგ მიგრაციას, ფინანსურ ნაკადებს, რეგიონული ვაჭრობის ცვლილებასა და ტრანზიტის ზრდას.

ეს ეფექტები მუდმივად იმავე ძალით ვერ იმუშავებს.

თუმცა დაახლოებით 5%-იანი გრძელვადიანი რეალური ზრდა პატარა ეკონომიკისთვის მაინც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

მაღალი GDP ჯერ კიდევ არ ნიშნავს მაღალ კეთილდღეობას

საქართველოს შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის ცხოვრების დონის იმავე ტემპით გაუმჯობესებას.

კვლავ პრობლემად რჩება უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და შემოსავლების უთანასწორობა.

ამიტომ ეკონომიკური წარმატების შემდეგი ეტაპი მხოლოდ GDP-ის ზრდა აღარ უნდა იყოს.

მნიშვნელოვანია, რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის ეს ზრდა, რამდენად იზრდება პროდუქტიულობა, რამდენად მაღალია ხელფასები და რამდენად ფართოდ ნაწილდება ეკონომიკური ზრდის შედეგი მოსახლეობაზე.

სამი ქვეყანა - სამი განსხვავებული გამოწვევა

სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ რუკაზე საბოლოოდ სამი განსხვავებული ისტორია ჩანს.

საქართველო ცდილობს მომსახურების, ICT-ის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და რეგიონული ლოგისტიკის საფუძველზე დაახლოებით 5%-იანი მდგრადი ზრდის შენარჩუნებას.

სომხეთი ბოლო წლების განსაკუთრებული მიგრაციული, სავაჭრო და სამშენებლო ბუმიდან უფრო ნორმალურ, დაახლოებით 5%-იან ზრდაზე გადადის.

აზერბაიჯანი კი გაცილებით დიდი ფინანსური რესურსის მიუხედავად ყველაზე რთული სტრუქტურული ამოცანის წინაშეა - თანდათან კლებადი ნავთობის წარმოება კერძო, დივერსიფიცირებული ეკონომიკით უნდა ჩაანაცვლოს.

აქედან ჩნდება სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური პარადოქსიც:

ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ყველაზე ნელა იზრდება, ხოლო რესურსებით შედარებით ღარიბი საქართველო და სომხეთი დაახლოებით ორჯერ და მეტჯერ სწრაფ ზრდას აჩვენებენ.

მაგრამ ზრდის პროცენტი სიმდიდრის საზომი არ არის. ქვეყანა შეიძლება უკვე მდიდარი იყოს და ნელა იზრდებოდეს; მეორე კი შედარებით დაბალი ბაზიდან სწრაფად იზრდებოდეს. 
ამიტომ საბოლოო გამარჯვებულს 2026 ან 2027 წლის GDP-ის ერთი მაჩვენებელი ვერ გამოავლენს.

გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, ვინ შეძლებს დროებითი შესაძლებლობების მუდმივ უპირატესობად გარდაქმნას.

აზერბაიჯანისთვის - ნავთობის ფული პროდუქტიულ კერძო ეკონომიკად.

სომხეთისთვის - მიგრაციული და სამშენებლო ბუმი პროდუქტიულობასა და ექსპორტად.

საქართველოსთვის - გეოგრაფიული მდებარეობა თანამედროვე ინფრასტრუქტურად, ლოგისტიკად, ტექნოლოგიებად და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებად.

და სწორედ აქ შეიძლება გადაწყდეს სამხრეთ კავკასიის მომავალი ეკონომიკური კონკურენცია: არა იმით, ვის მეტი ბუნებრივი რესურსი აქვს, არამედ იმით, ვინ უკეთ გამოიყენებს მშვიდობას, ახალ სავაჭრო გზებს, ადამიანურ კაპიტალსა და საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი