ნიკა ეგაძე, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ოქტომბერი 2026, 02:00
ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე -„თრიალეთის თასზე“, რომელსაც ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის სასახლე მასპინძლობს, საქართველოს მოციგურავეთა ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, რომელიც ერთი დღით ადრე მოკლე პროგრამაში საუკეთესო იყო, პირველი ადგილი თავისუფალ პროგრამაშიც არავის დაუთმო. დევისისა და სმოლკინის წყვილმა მსაჯებისგან 123.44 ქულა დაიმსახურა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მათ ჩემპიონობა ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 208.67 ქულით იზეიმეს. აღსანიშნავია, რომ ქართულმა წყვილმა ოქროს მედალი კარიერის საუკეთესო შედეგით მოიპოვა.

ოქროს მედალი დაიმსახურა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ნიკა ეგაძემ. მოკლე პროგრამაში დაკავებული პირველი ადგილის შემდეგ, იგი 168.85 ქულით თავისუფალ პროგრამაშიც საუკეთესო იყო და საბოლოოდ, ჯამში დაგროვილი 262.65 ქულით ჩემპიონი გახდა.

,,თრიალეთის თასის“ დღევანდელი ჩემპიონ-პრიზიორები დააჯილდოეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ და ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

ოქროს მედლის მოპოვების მთავარი კანდიდატია ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილიც, რომელმაც დღეს მოკლე პროგრამაში კარიერის საუკეთესო შეფასებით (80.01 ქულა) პირველი ადგილი დაიკავა. ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის, ასევე ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი წყვილი 3 ოქტომბერს თავისუფალ პროგრამაში წარდგება. ხვალვე ქალთა ერთეულებში თავისუფალი პროგრამით წარდგებიან ანასტასია გუბანოვა და ინგა გურგენიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი