პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით. პრემიერის განცხადებით, ამ დროისთვის ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი.
„შევეხები კიდევ ერთ საკითხს. დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ის, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე.
ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური პრეპარატის, „ტრიკაფტას“ შეძენის თაობაზე, რომელიც ასევე სრულიად უფასოდ იქნება პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს პაციენტების მდგომარეობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |