სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპარლამენტიდან დონალდ ტრამპის სატირული ქანდაკების გატანა მოითხოვა და მას „მთლიანად ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანი“ უწოდა.
ფიცოს განცხადებით, თუმცა იგი ტრამპის ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, „ოფიციალურ სივრცეში ჩვენი პარტნიორების შეურაცხყოფა იმ ეპოქის სრულ გაუგებრობაზე მეტყველებს, რომელშიც ვცხოვრობთ“.
„სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, თავისი სიბრმავის გამო, ვეღარ ასხვავებს განსხვავებული აზრის ქონის ლეგიტიმურ უფლებას სულიერად გაკოტრებული პირების, ავანტიურისტებისა და გიჟების ქმედებებისგან“, - დასძინა ფიცომ და იკითხა, მოითმენდა თუ არა პარლამენტი საფრანგეთის პრეზიდენტის ან გერმანიის კანცლერის მსგავს გამოსახულებებს.
ქანდაკება სახელწოდებით „ნარინჯისფერი ჭირი“ ევროპარლამენტის სტრასბურგის შენობაში სამშაბათს დანიელმა ხელოვანმა, იენს გალშიოტმა წარადგინა.
2.6 მეტრის სიმაღლის ნამუშევარი გამოსახავს ოქროსფრად დაფარულ, შიშველ ტრამპს, რომელიც უძლური კაცის მხრებზეა ამხედრებული, ხელში გოლფის ჯოხი და მართლმსაჯულების სასწორი უჭირავს. აბრაზე კი ვკითხულობთ: „მე ვზივარ კაცის ზურგზე. ის ჩემი სიმძიმის ქვეშ იძირება“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |