აშშ პირდაპირ ეთერში გადასცემს იმ პირის სიკვდილით დასჯის პროცესს, რომელმაც 2009 წელს „ფორტ-ჰუდის“ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა, - ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს აშშ-ში სიკვდილით დასჯის პროცესის ტრანსლირების უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.
ნიდალ ჰასანი, არმიის ყოფილი ფსიქიატრი, პირველი პირი გახდება 1945 წლის შემდეგ, რომელსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები დახვრეტის გზით სიკვდილით დასჯის.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ ჰასანის სიკვდილით დასჯის პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება იგეგმება.
„უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა ეს ნახოს და პროცესი საჯარო იყოს. რადგან ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავს ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ჰასანს რაიმე უკანასკნელი თხოვნა, ჰეგსეთმა უპასუხა: „არ მაინტერესებს. მას 3 დეკემბერს ვიხილავთ“.
სამხედრო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ჰასანს 2013 წლის აგვისტოში სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის 45 ეპიზოდში. სროლა მოხდა რამდენიმე კვირით ადრე იმ პერიოდამდე, როცა ჰასანი, რომელიც ამჟამად 56 წლისაა, ავღანეთში სამხედრო სამსახურის გასავლელად უნდა გაეგზავნათ. დაკავებისას პოლიციის მიერ მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად იგი ნაწილობრივ პარალიზდა და ეტლს მიეჯაჭვა.
აშშ-ის სამხედრო კანონმდებლობის თანახმად, სიკვდილით დასჯის დახვრეტით აღსრულება პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. პენტაგონის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჰეგსეტის რეკომენდაციით, ეს უკვე გააკეთა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |