ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მთავრობის მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ეროვნულ გაფიცვასა და მსვლელობაში დაახლოებით 30 000 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც Euronews-ი იუწყება, დღეს ბრიუსელის ქუჩებში ასობით ახალგაზრდა პოლიციას დაუპირისპირდა. არეულობა დასაქმებულთა მსვლელობის პარალელურად მოხდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებით შთაგონებული სტუდენტური გამოსვლების ფონზე დაძაბულობა იზრდებოდა.
შავ ტანსაცმელში ჩაცმული ათეულობით დემონსტრანტი, რომლებსაც სახეზე ნიღბები ეკეთათ, ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან პოლიციას ქვებსა და პიროტექნიკას ესროდა. მოგვიანებით მათ რამდენიმე ადგილას ცეცხლი გააჩინეს. მათ ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ველოსიპედებისა და ელექტროსკუტერების სადგომს.
შეტაკებებს წინ უძღოდა ქალაქ ლიეჟში მთელი კვირის განმავლობაში არსებული დაძაბულობა. იქ, სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისა და მაღაზიების დაზიანების შემდეგ, ხელისუფლებამ საჯარო შეკრებები აკრძალა. ლიეჟში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ათეულობით პოლიციელი კი დაშავდა.
პროფკავშირები ბრიუსელში ათიათასობით ადამიანის შეკრებას გეგმავდა. ამ დროს ბელგიის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობს. ბელგია მაღალი სახელმწიფო ვალის პრობლემის წინაშეა, ისევე, როგორც მეზობელი საფრანგეთი და იტალია, წერს Euronews-ი.
პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არეულობის მომწყობ პირებს მათ მიერ ორგანიზებულ აქციასთან კავშირი არ ჰქონდათ. პროფკავშირების წევრები და მათი მხარდამჭერები ფერად ტანსაცმელში, ძირითადად წითელსა და მწვანეში იყვნენ გამოწყობილნი. ბრიუსელის ცენტრში მათი მსვლელობა მშვიდობიანად დასრულდა.
„ვითარება სულ უფრო სწრაფად უარესდება და ხალხს მოთმინება ეწურება. მასწავლებლების მსგავსად, მოსწავლეებიც ხედავენ, რომ პირობები უარესდება“, - განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა ლუკ ტუსენმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |