საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Amnesty International-მა თაღლითის სახელი დაიმკვიდრა.
კერძოდ, პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომელშიც ის Amnesty International-ს თაღლითურ ორგანიზაციად მოიხსენიებს.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია თაღლითობის გზაზე ჯერ კიდევ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო დამდგარი.
„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.
Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.
ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი”, - წერს პაპუაშვილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |