სტატიები
ბედიის ოქროს ბარძიმის იდუმალებით მოცული ისტორია - (999 – 1999)
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2026, 16:01

ათასი წელი, ვითარცა წამი                                                                     

 
ნატო კორსანტია 
  
„დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ... განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა... 
უკეთუ ვის-მე ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა, და მისგან გულის-ხმა ყოს, რომელ არა-ვინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა“...
                                                                                                                „ქართლის ცხოვრება“

საქართველოს გამაერთიანებელი მეფის ბაგრატ III-ის („მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“) მიერ 999 წელს ბედიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისთვის შეწირული უამრავი ძვირფასი „სამკაულიდან“ ჩვენამდე მხოლოდ ბედიის ოქროს ბარძიმმა მოაღწია...

ბედიიის ბარძიმი

როგორ  და  რა სასწაულებრი ძალით, ვინ ღვთისნიერი ადამიანების  მეოხებით გადარჩა ბაგრატ III-ის და მისი ეპოქის საქართველოს სიდიადისა და სიძლიერის  გამომსახველ სამკაულთაგან ეს ერთადერთი „სამკაული“ ბედიის ტაძრისა?
ეს შეკითხვა სხვა კონტექსტში - როდის და რა ვითარებაში ჩამოიტანა ბედიის ოქროს ბარძიმი აფხაზეთიდან თბილისში თავადაც იდუმალებით მოცული ბიოგრაფიის  ადამიანმა - დავით (ბოდღო) ემუხვარმა? - ჯერ კიდევ 1999 წელს „დილის გაზეთში“ გამოქვეყნებულ  ქალბატონ მანანა მეგრელიძე-მხეიძესთან ინტერვიუში, თავისთავად გამოიკვეთა.
პასუხის ძიებამ არქივებსა თუ გაყვითლებული პრესის ფურცლებზე, თანამედროვეთა მოგონებებსა თუ ჩანაწერებში (გზადაგზა ამ საკითხს კიდევ ორი პუბლიკაცია მივუძღვენი) წლების შემდეგ ისევ ამ კითხვასთან დამაბრუნა, რადგან მასზე პასუხი ვერც ერთმა დოკუმენტმა ვერ გასცა. 

ბოდღო ემუხვარი

ამ ისტორიის ერთადერთ წყაროდ ისევ და ისევ მისი თვითმხილველი ქალბატონი მანანა მეგრელიძე-მხეიძისა დარჩა, რომელიც ამ ამბის განდობიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.  
განგების ნება იყო ალბათ,  რომ მან იმქვეყნად არ გაიყოლა ეს მნიშვნელოვანი ისტორია.
ასე, განგების ნებითვე, სრულიად მოულოდნელად დავადექი აფხაზი მამულიშვილის ბოდღო ემუხვარის ნაკვალევს, რომელიც გზადაგზა წყდება და დროის ქარტეხილებში იკარგება.

…
ბედიის ოქროს ბარძიმი - X საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუში - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საინვენტარო ჩანაწერების მიხედვით, 1952 წლიდან ინახება. იგივე თარიღი სახელდება ყველა ქართულ თემატურ ნაშრომსა თუ გამოცემაში. თუმცა არსებობს ერთი ისტორია, რომელიც სულ სხვა თარიღზე მიანიშნებს. 
1999 წლის დეკემბერი იდგა. ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის შემდეგ, ისტორიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ აფხაზეთზე საუბრისას, მითხრა, რომ რეპრესირებული ფილოსოფოსის კიტა მეგრელიძის ერთადერთი ქალიშვილი - მანანა მეგრელიძე-მხეიძისა ბედიის ოქროს ბარძიმთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ფლობდა. ქალბატონმა მარიკამ მისი ტელეფონის ნომერი მომცა და თანაც გამაფრთხილა, ქალბატონი მანანა მძიმედ არის ავად და ეცადე, მისი ნახვა მოასწროო. 
აღმოჩნდა, რომ შეუძლოდ მყოფი მანანა მეგრელიძე, შეციებულ და ჩაბნელებულ თბილისში, დეკემბრის სუსხიან დღეებს უახლოესი მეგობრის - კირა მიქელაძისა და მისი მეუღლის მერაბ ბერძენიშვილის სახლში ატარებდა, სადაც შევხვდი და ვესაუბრე მას.
ქალბატონმა მანანამ დიდი მღელვარებით გაიხსენა საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი, გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ამბავი, რომლის თვითმხილველიც თვითონ იყო. 

მარცხნიდან პირველი მანანა მეგრელიძე, შუაში - კირა მიქელაძე

მაშინ მანანა მეგრელიძე ათიოდე წლისა იქნებოდა თურმე და დედ-მამის - ალექსანდრა (ცუცა) ქარცივაძისა და კიტა მეგრელიძის  გულაგში გადასახლების შემდეგ, ბებიის, დეიდისა და ძიძის მზრუნველობით იზრდებოდა. 
ერთ საღამოს მათთან, მოსკოვის ქუჩის №7-ში (ამჟამად ძმები კაკაბაძეების №7) მისულა მეგრელიძეთა ოჯახის უახლოესი მეგობარი, მანანა მეგრელიძის ნათლია, ისტორიკოსი და არქეოლოგი (ასე მოიხსენია) ბოდღო ემუხვარი. 
მეგრელიძეების ოჯახში მისი სტუმრობა არავის გაკვირვებია. გასაკვირი და მოულოდნელი სხვა რამ ყოფილა: ბოდღო ემუხვარს, რომელიც მანანა მეგრელიძის თქმით, ნაბდითა და სვანური ქუდით დადიოდა ქალაქში, ნაბდის კალთიდან ხილაბანდში საგულდაგულოდ გახვეული ნივთი ამოუღია, გაუხსნია და ჰოი, საოცრებავ, მის ბრწყინვალებას იქ მყოფთათვის თვალი მოუჭრია... 
იმ იდუმალი საღამოდან ათიოდე წლის გოგონას ბოდღო ემუხვარის ერთი ფრაზა დახსომებია: ეს განძი აფხაზეთიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის დავალებითა და ლოცვა-კურთხევით ჩამოვიტანეო. ხილაბანდში გახვეული ნივთი კედელში ჩაშენებულ, დიდი ხნის დაუნთებელ  ღუმელში შეუნახავთ. 
- როგორც კი ოთახში მარტო დავრჩებოდი, იმ ულამაზეს ნივთს ღუმელიდან გამოვიღებდი და გულში ვიხუტებდი. მასზე გამოსახული წმინდანებიდან ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა ღვთისმშობელი ჩვილით, რომელიც მონატრებულ დედას მაგონებდა და  მანუგეშებდა თითქოს, - თქვა მაშინ მანანა მეგრელიძემ. 
რამდენიმე დღის შემდეგ ბოდღო ემუხვარს ეს ძვირფასი ნივთი მეგრელიძეების სახლიდან ისევე საიდუმლოდ წაუღია, როგორც მიიტანა. ხოლო ის ნივთი რომ ოქროს ბარძიმი იყო, გოგონას მაშინ  გაუგია, როცა ერთხელაც, ბოდღო ნათლიას მის სანახავად ე. წ.  „მეტეხის მუზეუმში“ ანუ საქართველოს ხელოვნების მუზეუმში  წაუყვანია, რომელიც 1933-1950 წლებში ადრე  ავადსახსენებელი მეტეხის სატუსაღოს შენობაში იყო განთავსებული.
ნათლიამ ნათლულს, ალბათ, მიანიშნა, რა ისტორიული მოვლენის მომსწრეც იყო. თუმცა საოცრად მოკრძალებულ ქალბატონს ეს ამბავი მანამდე არასოდეს გაუხმაურებია. 
ვინაიდან ბედიის ოქროს ბარძიმის აფხაზეთიდან ჩამოტანის ოფიციალურ თარიღად 1952 წელი სახელდებოდა, თავის დროზე გაუხმაურებელი ეს ამბავი არაერთ საგულისხმო კითხვას ბადებდა. მანანა მეგრელიძე ვარაუდობდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ბედიის ბარძიმი ბოდღო ემუხვარს აფხაზეთიდან ხელისუფლების უჩუმრად ჩამოატანინა. სხვანაირად, რატომ გადამალავდა მას მეგრელიძეების სახლში? 
ხოლო, რატომ გახდა მისი თბილისში ასე საიდუმლოდ ჩამოტანა აუცილებელი  და რატომ აირჩია ბოდღო ემუხვარმა მის შესანახად  მაინცდამაინც მეგრელიძეების სახლი? ეს კითხვა ქალბატონმა მანანამ თავად დასვა და ნაწილობრივ თავადვე უპასუხა: 
-  იმხანად ბოდღო ემუხვარის მეუღლე გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო, თავად ბოდღოსაც საბჭოთა ხელისუფლება ეჭვით უყურებდა და მათი ოჯახი ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ჩემი მშობლები კი რადგან ახალი გადასახლებულები იყვნენ, ჩვენსას საეჭვო სხვა არავინ რჩებოდა და ვისთვის უნდა მოეკითხათ.
სამწუხაროდ, ამ ისტორიის მკითხველისთვის განდობიდან სულ რამდენიმე დღეში, მანანა მეგრელიძე-მხეიძისა გარდაიცვალა და მასთან სხვა დეტალების დაზუსტება, მათ შორის იმაზე, თუ ვინ იყო და რას საქმიანობდა ბოდღო ემუხვარი, ვერ შევძელი.
მალე ამ კითხვით პროფესორ ვალერიან ზუხბაიას მივმართე. აფხაზეთის მკვიდრ მეცნიერს ბედიის ოქროს ბარძიმთან დაკავშირებულ ამ ისტორიაზე არაფერი სმენოდა, თუმცა ბევრი რამ იცოდა ბოდღო ემუხვარსა და მის ოჯახზე. მაშინ მისი მონათხრობი „დილის გაზეთის“ მომდევნო ნომერში დაიბეჭდა.

წლები გავიდა და ვალერიან ზუხბაიას ნაამბობი  თანდათან შეივსო  აფხაზეთში ცნობილი პედაგოგის პლატონ ემუხვარის „გამოუქვეყნებელი ჩანაწერებით“, საქართველოს სახელმწიფო არქივსა თუ პრესაში მოძიებული მცირე, მაგრამ ნიშანდობლივი  ეპიზოდებით. საბოლოოდ, გამოიკვეთა ბოდღო ემუხვარის პორტრეტი, რომელიც ჯერ კიდევ ბევრი რამის დამატებას და დაზუსტებას ითხოვს. 




ბოდღო ემუხვარი - 
დროის ქარტეხილებში მოყოლილი მამულიშვილი

დავით (ბოდღო) ემუხვარი დაიბადა 1900 წელს სამურზაყანოს სოფელ ოქუმში, ამ მხარეში ყველაზე გავლენიანი თავადის მელიტონ ემუხვარის ოჯახში. მელიტონ ემუხვარი იმ პატრიოტ აფხაზთა დეპუტაციის წევრი იყო, რომელმაც 1916 წელს აფხაზეთის რუსული გუბერნიისთვის გადაცემა გააპროტესტა და თბილისში, მეფისნაცვალს წარუდგინა პეტიცია, არ მოეგლიჯათ აფხაზეთი დედასაქართველოსთვის.
მელიტონ ემუხვარს და მის მეუღლეს ნინო მარღანიას ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ: გიორგი (გრიშა), ნიკოლოზი (ნიკვალა), დავითი (ბოდღო), მიხეილი (ჭიჭი) და ქალიშვილი - მართა. 

აფხაზეთის დეპუტაცია, რომელიც თბილისში, მეფისნაცვალს ეწვია და აფხაზეთის რუსული გუბერნიისთვის გადაცემა გააპროტესტა (1916 წ.)

ბიჭებიდან ბოდღო - კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ გმირის - თარაშ ემუხვარის ერთ-ერთი პროტოტიპი იყო, ნიკოლოზი კი ლეო ქიაჩელის რომანის „ჰაკი აძბას“ პერსონაჟის -  უჯუშ ემხასი. ორივენი საბჭოთა ტერორს ემსხვერპლნენ... მესამე ძმა გრიგოლ (გრიშა) პეტერბურგში სწავლისას რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. შემდეგ სპარსეთის რევოლუციონერებისთვის დასახმარებლად თავრიზს გაემგზავრა და იქ დაიღუპა (მათ თავგადასავალზე დაწვრილებით სხვა დროს მოგითხრობთ).
ბოდღო ემუხვარი თავისი სულისკვეთებით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მომხრე იყო. მიუხედავად მის ოჯახს დატეხილი უბედურებისა, მან მაინც სამხედრო სამსახური არჩია და დემოკრატიული საქართველოს დამცველთა რიგებში ჩადგა.
ბოდღო ემუხვარი 1921 წლის თებერვალში, ანკარაში (ანგორაში) გახსნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში, საგანგებო დავალებათა ოფიცრის სტატუსით შედიოდა.

ნიკოლოზ ემუხვარი - პროტოტიპი ლეო ქიაჩელის რომანის „ჰაკი აძბას“ პერსონაჟის - უჯუშ ემხასი

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დემოკრატიული საქართველოს მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში წავიდნენ ანგორაში საქართველოს ელჩი სიმონ მდივანი და დიპლომატიური მისიის სხვა წევრები. მათგან მხოლოდ ბოდღო ემუხვარი დაბრუნდა საქართველოში, ელჩის -  სიმონ მდივანის საგანგებო დავალებით.  თანამედროვენი ბოდღო ემუხვარის სამშობლოში დაბრუნებას სხვა მოტივითაც ხსნიან: მას აქ საცოლე - ლილი ჩაჩიბაია  ელოდა.  დანიშნულები მალე დაქორწინდნენ და ერთი ქალიშვილი - ლეილა შეეძინათ.
ხოლო თუ რა ბედი ეწეოდა  გასაბჭოებულ საქართველოში დაბრუნებულ, დემოკრატიული საქართველოს თანამოაზრე  ბოდღო ემუხვარს, ადვილი წარმოსადგენია. საბჭოთა მთავრობისგან დევნილი ბოდღო ერთხანს ოქუმში, მშობლიურ სახლს აფარებდა თავს.  1924 წელს კი აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის მოტივით დააპატიმრეს    და სოხუმის ციხეში ჩასვეს.
„იგი რატომღაც თავიდანვე აითვალწუნა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, უდანაშაულო ახალგაზრდა 1924 წელს დააპატიმრეს და სოხუმის ციხეში მოათავსეს. სწორედ იმ დროს იქ იჯდა მენშევიკობისთვის დევნილი მამაჩემი ავქსენტი ზუხბაია. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ, მამა შემდეგ დიდი სითბოთი ხშირად ახსენებდა ბოდღო ემუხვარს“ (ვალერიან ზუხბაია).
„ბოდღოს მთავარ სამხილად მის მიერ დაწერილი ბოლშევიკების საწინააღმდეგო ბროშურა წარუდგინეს. საქმის განხილვაში აფხაზეთის  მაშინდელი  მთავრობის ხელმძღვანელი ნესტორ ლაკობაც მონაწილეობდა. გასამართლებისას ბოდღოს  გამოსაცდელი დრო მისცეს და გაათავისუფლეს. თუმცა იქვე დაუსვეს კითხვა, სად ერჩივნა ცხოვრება, აფხაზეთში თუ თბილისში? ბოდღომ თბილისი ირჩია“ (პლატონ ემუხვარი).
„ბოდღო ემუხვარმა თბილისში მწერლობას მიჰყო ხელი, აქვეყნებდა მოთხრობებს, პუბლიცისტურ წერილებს. მისი ერთ-ერთი წერილი „აფხაზთა ზრდილობისათვის“ გამოქვეყნდა ჟურნალ „მნათობში“. ბოდღო ემუხვარმა თავად კონსტანტინე გამსახურდიას თხოვნით რუსულ ენაზე თარგმნა მისი რომანი „მთვარის მოტაცება“ (ვალერიან ზუხბაია). 
1937 წელს ბოდღოს ოჯახი კიდევ ერთხელ მოექცა შინსახკომის ყურადღების ცენტრში: როგორც ცნობილია, 1937 წელს თავი მოიკლა სტალინისა და ბერიას მიერ ათვალისწინებულმა სერგო ორჯონიკიძემ. მან ვერ შეძლო თავისი უსაყვარლესი დისშვილის, მაკეევკის მეტალურგიული  ქარხნის დირექტორის გიორგი გვახარიას დაცვა, რომელსაც „ტროცკისტულ საქმიანობაში“ სდებდნენ ბრალს. ამ დროს  გიორგი გვახარია და მისი მეუღლე ბაბულია ჩაჩიბაია - ბოდღოს მეუღლის ლილი ჩაჩიბაიას და -  სერგო ორჯონიკიძის მოსკოვის ბინაში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ორჯონიკიძემ სიკვდილის წინ დატოვა წერილი, რომელშიც რეპრესიებსა და სტალინის პოლიტიკას აკრიტიკებდა. ლავრენტი ბერიამ და შინსახკომის (НКВД) წარმომადგენლებმა ამ წერილის ძებნა დაიწყეს და ეჭვი სწორედ გვახარიასა და მის მეუღლეზე მიიტანეს, რის გამოც ორივე დააპატიმრეს და დახვრიტეს.

მელიტონ ემუხვარი და მისი ვაჟები

მათი ერთადერთი მცირეწლოვანი ვაჟი - ოთარი ჩაჩიბაიებმა საქართველოში  გადამალეს.
წერილის კვალს შინსახკომი თბილისში გამოყვა, ლილი ჩაჩიბაიაც ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა და 6 წლით გადაასახლეს მორდვეთში  (ამ ამბავს მანანა მეგრელიძეც ახსენებს  ინტერვიუში, მაგრამ  ეს ისტორია ამ წერილის ფარგლებს ცდება).  
შესაძლოა, მაშინ ბოდღო ემუხვარიც გადაურჩა რეპრესიას, მაგრამ ეს ჩვენთვის უცნობია. ასევე უცნობია, 30-იან წლებში სად მუშაობდა და რითი ინახავდა  ოჯახს.
1940-1941 წლებში ბოდღო ჯერ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამომცემლობის მდივანი და მუზეუმის ჟურნალ „მოამბის“  ტექნიკური რედაქტორია, შემდეგ კი  მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის ტექნიკური რედაქტორი. 
1941 წლის აგვისტოდან შტატების შემცირების გამო, ბოდღოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობიდან ათავისუფლებენ და ის ისევ ქრება თვალსაწიერიდან. თუ არ ჩავთვლით მანანა მეგრელიძის მოგონებას ბედიის ბარძიმთან დაკავშირებით.
1946 წელს ბოდღო ემუხვარი, როგორც ქართველი ნაციონალისტი, შინსახკომმა დააპატიმრა. „მას ძალიან დამამცირებელი წინადადება - მეგობრების დასმენა შესთავაზეს, რასაც ბოდღომ თვითმკვლელობა არჩია, „ჩეკას“ მაღალი შენობიდან გადმოხტა და დაიღუპა“ (ვალერიან ზუხბაია). სხვა ვერსიით, „ბოდღო შინსახკომის მე-4 სართულიდან გადმოაგდეს. საქვეყნოდ კი გამოაცხადეს, რომ ის თვითონ გადმოხტა.  ამის შემდეგ თბილისში, მის ბინაში შინსახკომის დავალებით, სპეციალური სატვირთო მანქანით მივიდნენ და მისი პირადი არქივი და ბიბლიოთეკა წაიღეს. ბოდღო ემუხვარის მეუღლისა და ქალიშვილის გადმოცემით, მას უამრავი ხელნაწერი ჰქონდა. ცნობილია, რომ ბოდღო ემუხვარი წერდა რომანს, რომლის დედანიც სხვა ხელნაწერებთან ერთად წაიღეს და დაიკარგა. ვინ იცის, ვის ხელში აღმოჩნდა ის. იქნებ ვინმემ თავის ნაწერად გაასაღა კიდეც“ (პლატონ ემუხვარი).
„ბინა წაგვართვეს, სხვები შეასახლეს და ძლივძლივობით დავიბრუნეთ“, - იგონებდა წლების შემდეგ ლილი ჩაჩიბაია გაზეთ „კომუნისტში“, ვილემ მარდალეიშვილთან ინტერვიუში. 
ასე დასრულდა 46 წლის ბოდღო ემუხვარის, ბოლშევიზმთან და ძალადობასთან შეურიგებელი, თავისუფალი სულისკვეთების ადამიანის სიცოცხლე. მის მამაცურ  თვისებებზე, რწმენაზე, რომ აფხაზეთი დ საქართველო განუყოფელია, მისი ჩანაწერებისა და რომანის გადარჩენილი ფრაგმენტები, ამ რომანის გმირის ნაჰარ ჩაბალრხვას მიერ ნათქვამი მწარე სიმართლეც მეტყველებს: „უნებურად თვალწინ წარმომიდგებიან შემცდარი აფხაზები, რომელთაც მუჰაჯირობის უფსკრულიდან მეორე უფსკრულში სურთ გადაჩეხონ აფხაზეთი“; „ასი წლის მანძილზე რუსთა მოხელეები, თეთრი და შავი სამღვდელოება, შემპარავი ხმით ჩაგვჩურჩულებდა ყურში: თქვენ საკუთარი გზა გაქვთ, ქართველებს კი თავისიო, თქვენ არასოდეს ყოფილხართ ერთადო, მუხანათურად გადმოგდებულ ანკესს წამოეგნენ უვიცნი, შეაქციეს ზურგი ძმათა სისხლით შეღებილ წარსულს, გაწყვიტეს ძაფი ქართველობასთან დამაკავშირებელი, დაჰკარგეს ენა, უარყვეს ჩვეულებები და რუსობა იწამეს“ (თანაც თითქოს დღეს არისო დაწერილი - ნ. კ.). 
ასე მოფიქრალი, ნაბდოსანი ნიჰარ ჩაბალრხვა აღიქმება, როგორც თავად ბოდღო ემუხვარის პროტოტიპი. რასაც ორივე ურყევად ერთგულებდა, „ეს იყო სიყვარული აფხაზეთისა და საქართველოსი“. 
და რა გასაკვირია, რომ აფხაზეთის უდიდესი რელიკვიის - ბედიის ოქროს ბარძიმის გადარჩენის ისტორია სწორედ მის სახელს დაუკავშირდა.
  



„სამკაული ბედიისა ეკლესიისა“…
                     ბედიის ტაძრიდან - საქართველოს ეროვნულ მუზეუმამდე

X საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების შედევრის - ბედიის ოქროს ბარძიმის ისტორია მისი სამკვიდრებლიდან - ბედიის ტაძრიდან ამჟამინდელ სამყოფლადმე - საქართველოს ხელოვნების მუზეუმამდე მეტად  რთული და  დრამატული იყო. 
ბედიის კომპლექსი გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს  ააგო, „შექმნა საყდარად საეპისკოპოსოდ. მოცვალა მუნ გუდაყვის საეპისკოპოსოჲ“. ტაძარს  შესწირა მრავალი სოფელი, ეკლესია შეამკო „ყოვლითა სამკაულითა“ და ბოლოს აქვე დაიკრძალა დედასთან, გურანდუხტთან ერთად.
„ყოველთა სამკაულთა“ შორის იყო ოქროს ბარძიმი - ბაჯაღლო ოქროს მთლიანი ფურცლისგან გამოჭედილი ზიარების შესანახი თასი, რომლის ზედაპირიც დაყოფილია 12 თაღედით. თითოეული თაღის ქვეშ გამოსახულია წმინდანები - მოციქულები და მახარებლები. მათ შუაში ერთ მხარეს - ტახტზე მჯდომი ქრისტეა წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს - ღმრთისმშობელი ყრმით ხელში. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, რომელიც მოგვითხრობს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე და მისი დედა გურანდუხტ დედოფალი ბარძიმს მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს სწირავენ. თასი თარიღდება 999 წლით. ბარძიმს ასევე ჰქონია ოქროს ფეხი - სადგარი, რომელიც ადრევე დაკარგულა. ასევე დაკარგულა მისი მოგვიანებით აღდგენილი სადგარიც.
საუკუნეების შემდეგ ბედიის ტაძარს,  შთამომავლობამ უწოდა საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რითაც ამ ტაძრის სამკაულთაგან გადარჩენილი ერთადერთი სამკაულის - ბედიის ბარძიმის დიდი ისტორიულ-მხატვრული ღირებულებაც წარმოჩნდა...
მაგრამ მანამდე იყო ბედიის ბარძიმის გადარჩენის რთული გზა - ჩავლილი საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სასტიკი ქარტეხილებით (შემოსევები, ტაძრების დარბევა, ქურდობა, ყაჩაღობა)  აღბეჭდილი. 
XVIII საუკუნის 70-იან წლებში აფხაზეთში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების (შემოსევები, შიდა არეულობა) გამო, ბედიის საეპისკოპოსო და მასთან ერთად ბედიის ტაძარი გაუქმდა. ტაძრის სიწმინდეებმა, მათ შორის ბედიის ბარძიმმა, ამ კუთხეში ერთადერთ მოქმედ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სალაროში  ჰპოვა თავშესაფარი. 
ის ამბავი, რომ ბედიის ბარძიმი სადგართან ერთად, ილორის ეკლესიაში ინახებოდა, პირველად 1865 წელს, ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, ილორში ყოფნის შემდეგ,   ამცნო ქვეყანას.

ილორის ეკლესია 2008 წლამდე

ბარძიმი, თავისივე სადგარით, ილორის ეკლესიაში კათოლიკოს ამბროსი ხელაიას მამასთან,  მღვდელ ზოსიმესთან ერთად, 1881 წელს ფოტოზე აღუბეჭდავს იტალიელ მოგზაურს კარლა სერენას. 
აქედან სულ რაღაც ორ წელიწადში, 1883 წელს კი ილორის ეკლესიაში განმეორებით ჩასულ დიმიტრი ბაქრაძეს ბარძიმი სადგარის გარეშე დახვედრია.
მოგვიანებით,  ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინაშვილი და ეპისკოპოსი ამბროსი ხელაია ასაბუთებდნენ, რომ დიმიტრი ბაქრაძისა და კარლა სერენას მიერ ილორში ნანახი ბედიის ბარძიმის სადგარი, პირვანდელი სადგარის დაკარგვის შემდეგ, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში, ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით იყო აღდგენილი.
1888 წელს ბედიის ბარძიმი სადგარის გარეშე აქვს ასევე გადაღებული ილორში მყოფ რუს არქიტექტორსა და არქეოლოგს ანდრეი პავლინოვს. ამავე ფოტოზე ჩანს ილორის ვერცხლის ბარძიმი სადგარით და სამირონე მტრედი, რომლებიც ამჟამად დაკარგულია. 
ბედიის ოქროს ბარძიმის პირვანდელი და გვიანდელი სადგარები, ილორის ვერცხლის ბარძიმი სადგარით, სამირონე მტრედი და კიდევ, ვინ იცის, ილორის სალაროში შენახული რამდენი ძვირფასი ნივთი გააყოლეს ხელს უკეთურებმა!
გარდა ამისა, ბედიის ბარძიმი გასაბჭოების შემდგომ ავბედითობებს, კომუნისტების ანტირელიგიურ კამპანიას - საეკლესიო საგანძურზე  გამოცხადებულ დაუნდობელ ნადირობას, ქურდ-ყაჩაღთაგან ძარცვა-გლეჯასაც გადაურჩა  და ჩვენამდე მოაღწია.
ეს უფრო სასწაულს ჰგავს, წყალობას ბედისას, რომელიც თითქოს უცნობმა ოსტატებმა „გამოუჭედეს“ მას. 
გრძნეულმა ოსტატებმა... რომლებმაც ბარძიმზე მაცხოვარი, ღვთისმშობელი ყრმით, მოციქულები და მახარებლები გამოსახეს, მაგრამ მათ გვერდით  თითქოს ადგილი ვერ „გამოუნახეს“  იუდა ისკარიოტელსა (გამცემი) და ურწმუნო თომას! 
არის ამაში რაღაც მისტიკური... 
გასული საუკუნის 20-40-იან წლებში  ქართული კულტურის საგანძურისთვის თავგადადებულმა ადამიანებმა ზოგიერთი ეკლესია-მონასტრის მუზეუმად გადაკეთება და  სიწმინდეების ერთი ნაწილის - ოქროსა და ვერცხლის ხატებისა და ჯვრების,  ბარძიმებისა და ძვირფასი თვლებით მოჭედილი ნივთების -  გადარჩენა შეძლეს, ნაწილიც სახელმწიფო მუზეუმებში გადაიტანეს... 
ასე აღმოჩნდა  ბედიის ოქროს ბარძიმი 1936 წელს ილორის ტაძრიდან სოხუმში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში. 
ხოლო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საინვენტარო ჩანაწერებში, სადაც ამჟამად ბედიის ბარძიმი ინახება, აღნიშნულია, რომ ის სოხუმის სახელმწიფო მუზეუმიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში 1952 წელს გადმოიტანეს. ალბათ ამის გათვალისწინებით,  იგივე თარიღია ნახსენები ყველა თემატურ ნაშრომსა თუ გამოცემაში. 
ამიტომაც აჩენდა თავსატეხს მანანა მეგრელიძე-მხეიძის ნაამბობი იმასთან დაკავშირებით, რომ ბედიის ბარძიმი ბოდღო ემუხვარმა თბილისში გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ჩამოიტანა.

ილორის ეკლესიის წინამძღვარი ზოსიმე ხელაია (ამბროსი ხელაიას მამა) ბედიის ოქროს ბარძიმთან ერთად - კარლა სერენას გრავიურა (1888 წ.)

თუმცა მის სასარგებლოდ მეტყველებდა ის გარემოება, რომ სოხუმის სახელმწიფო მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე ბედიის ოქროს ბარძიმის სოხუმის სახელმწიფო მუზეუმიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში გადმოტანის თარიღად 1943 წელია მითითებული.
ამ თავსატეხთან ერთად წლები გავიდა და მის ამოხსნაში თავისი სიტყვა თქვა  აფხაზეთის ხუროთმოძღვრებისა და ძეგლების მკვლევარის, ხელოვნებათმცოდნე  ალექსანდრე კაციას მიერ 1967 წელს სოხუმში გამოცემულმა სადისერტაციო ნაშრომმა „Архитектурный памятник в Илори“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნე ვუკოლ ბერიძე). ნაშრომში ავტორი ბედიის ბარძიმის თბილისში გადმოტანის თარიღად  1942 წელს ასახელებს:  
„Бедийская чаша находилась в Илори до 1936 года, когда была передана в Абгосмузей в Сухуми. В 1942 году, во время Отечественной войны,   из-за отсутствия надежного сейфа, дирекция музея передала ее на хранение в сейф Музея искусств Грузии, где она находится и в настоящее время“.  
მართლაც, 1942 წლის აგვისტოდან, ვერმახტის ელიტური საბრძოლო შენაერთის - „ედელვაისის“ ნაწილები  აფხაზეთის ჩრდილოეთით,  მარუხის, ქლუხორისა და სანჩაროს უღელტეხილებს მოადგნენ და სასტიკი ბრძოლებით შავი ზღვის  სანაპიროსკენ გაჭრას ცდილობდნენ. გერმანიის ავიაცია ბომბავდა სოხუმს და სხვა ქალაქებს. საფრთხე კარს იყო მომდგარი და როგორც ჩანს, თბილისსა და სოხუმში X საუკუნის უნიკალური რელიკვიის გადარჩენაზე იფიქრეს.
ამ თარიღს ზუსტად ემთხვევა 1932 წელს დაბადებული მანანა მეგრელიძე-მხეიძის ნათქვამიც: ბოდღო ემუხვარმა ბედიის ბარძიმი ჩვენს სახლში რომ მოიტანა, 10 წლამდე ვიქნებოდიო...
წლების განმავლობაში მოძიებულმა ბოდღო ემუხვარის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველმა მასალებმა მანანა მეგრელიძის მონათხრობის უტყუარობაში თანდათან დამარწმუნა. 
მეტიც, ზოგჯერ თვალწინ წარმომიდგება სოხუმიდან თბილისამდე, ყაჩაღებითა და მსტოვრებით მოფენილ გზაზე, უდიდესი სიფრთხილით მომავალი ნაბდოსანი ბოდღო ემუხვარის სილუეტი, რომელსაც ნაბდის ქვეშ ქართული კულტურის შედევრი - ხილაბანდში შეხვეული ბედიის ოქროს  ბარძიმი აქვს გადამალული... 
ვინ იცის,  კიდევ ვინ იყო ბოდღო ემუხვარის თანამგზავრი თუ თანამოაზრე ამ დაუვიწყარ ისტორიაში? ვისი გადაწყვეტილებით თუ მხარდაჭერით ჩამოიტანა მან ბედიის ბარძიმი სოხუმიდან თბილისში?
ამ ლოგიკური შეკითხვის პასუხად, მანანა მეგრელიძე-მხეიძემ თქვა, რომ მას იმ იდუმალებით მოცული საღამოდან  ბოდღო ემუხვარის ერთი ფრაზა ჩარჩა მეხსიერებაში: „ეს განძი აფხაზეთიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის დავალებითა და ლოცვა-კურთხევით ჩამოვიტანეო“.
ზემოთ ბედიის ბარძიმის ბედი ვახსენე... და უთუოდ ბედმა ინება ისიც, რომ ბოდღო ემუხვარმა 1940 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო მუშაობა და ქართული კულტურის საგანძურის მცველებსა და მისთვის თავდადებულ ადამიანებს დაუახლოვდა. 
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეუძლებელია, ბედიის ბარძიმის ჩამოტანის ამბავი არ სცოდნოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენისათვის დამაშვრალ ადამიანს - შალვა ამირანაშვილს, დირექტორს იმ მუზეუმისა, სადაც ბედიის ბარძიმს უნდა დაედო ბინა. ბედიის ბარძიმის გადარჩენაზე ბჭობის ჟამს კი შეუძლებელია, მას არ გახსენებოდა აფხაზი, რომლისთვისაც სულ რაღაც ერთი წლის წინათ, 1941 წლის 20 თებერვალს მიცემულ დახასიათებაში ჩაუწერია: „ემუხვარი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად და მოწესრიგებულად (აკურატულად) ასრულებსო“. 
შემთხვევითობისთვის ვერ გავიმეტებ იმ ეპიზოდსაც, რომ საქართველოს  სახელმწიფო მუზეუმში მუშაობისას ბოდღო ემუხვარი პირველად მუზეუმის  „მოამბის“ სწორედ იმ ნომრის ტექნიკური რედაქტორი და გამომშვები იყო, რომელშიც ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მონუმენტური ნაშრომი - „ბედიის ოქროს ბარძიმი“ გამოქვეყნდა. ეს იყო პირველი მასშტაბური კვლევა ბედიის ოქროს ბარძიმისა, რომელიც ჯერ კიდევ სოხუმის სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა. გიორგი ჩუბინაშვილი უშუალოდ ამ გარემოების ხაზგასმით იწყებს თავის ნაშრომს:
„მართალია, ამ წერილის შინაარსის საგანი - ბარძიმი - ნახსენებია ლიტერატურაში, მისი სურათიც მოთავსებულია გამოცემებში (სქოლიოში დიმიტრი ბაქრაძის, ა. პავლინოვისა და სხვა მკვლევართა ამჟამად უკვე ცნობილ ნაშრომებს ახსენებს - ნ. კ.), მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ ეს, ქართული ჭედურობის უნიკალური ძეგლი მხოლოდ ახლახან იქცა მეცნიერული აზროვნების თემად და სოხუმში აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებით დაღუპვასაც კი გადაურჩა. ამ მუზეუმის დირექციის თავაზიანობამ საშუალება მომცა სეიფში შენახული ბარძიმი დაწვრილებით დამეთვალიერებინა და გადმომეღო მისი დეტალური ფოტოსურათები“. 
მართალია, 1942 წელს ბოდღო ემუხვარი უკვე აღარ მუშაობს ხელოვნების მუზეუმში, მაგრამ ის უკვე მონუსხულია ბედიის ბარძიმის დიდებულებით, გაცნობიერებული აქვს მისი ისტორიულ-მხატვრული მნიშვნელობა ქართულ ხელოვნებაში. ამდენად, ვიმეორებ,  სულაც არაა გასაკვირი, რომ ბედიის ბარძიმის აფხაზეთიდან ჩამოტანა მის სახელს დაუკავშირდა. 
...ბედიის ბარძიმი „სოხუმში აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებით დაღუპვასაც კი გადაურჩაო“... - აღნიშნავს გიორგი ჩუბინაშვილი წერილში „ბედიის ოქროს ბარძიმი“.
1942 წელს კი ის, სოხუმიდან საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გადმოტანით, კიდევ ერთხელ და სამუდამოდ გადაურჩა დაღუპვას. 
ამის დასტურად  თუნდაც  სოხუმის სახელმწიფო მუზეუმის ოფიციალურ გვერდზე - გამოქვეყნებული ერთი ინფორმაციის მოხმობაც იკმარებდა: „Копия золотой чаши, представленная в экспозиции Абхазского государственного музея, была похищена вовремя Отечественной войны народа Абхазии 1992–1993 годов“.
უკომენტაროდაც ცხადია, რა ბედი ეწეოდა ბედიის ოქროს ბარძიმს, სოხუმის მუზეუმში რომ დარჩენილიყო... 
კათოლიკოს კალისტრატე ცინცაძის, შალვა ამირანაშვილის, გიორგი ჩუბინაშვილისა და სხვა მათი დარი მამულიშვილების ღვაწლი ქართული ერისა და კულტურის წინაშე წარუშლელია. ბოდღო ემუხვარის ცხოვრების გზაზე კი რატომღაც ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა, როგორი შეიძლებოდა ეს გზა ყოფილიყო, ამაზე თუნდაც მხოლოდ ის ეპიზოდებიც ნათლად მიანიშნებს, რაც ამჟამად ვიცით. 

ხედი ბედიის ტაძრიდან

***
ბედიის ტაძარი მაღალ გორაკზე დგას და კავკასიონის თოვლიან მწვერვალებსა და კოლხეთის დაბლობებს გასცქერის.
საუკუნეებს  სწვდება მისი მზერა.
ახლა ის ჟამია, როცა ბედიის ზარები ყველაზე მძლავრად უნდა გუგუნებდნენ და ცასა და მიწას სძრავდნენ.
მაგრამ ისინი დუმან.
საუკუნეები ჩამდგარა მათ მდუმარებაში...
და ვიმედოვნოთ, რომ დადგება დრო, როცა ბედიის ზარები ისევ მოუხმობს დაფანტულ მრევლს - ქართველებსა და აფხაზებს, ბედიის ბარძიმიც ისევ დაბრუნდება მშობლიური ტაძრის საკურთხეველში და ამით გაცხადდება მისი სასწაულებრივი გადარჩენის მისტერია...  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი