წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია.
„ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახალხო დემოკრატიის დასაცავად შევუერთდით, კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების და, შესაბამისად, მისი თავისუფლების დარღვევას. პასე უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ საფუძვლებს, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა. მიუღებელია ვითარება, როდესაც დემოკრატია, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები და თავისუფლება მხოლოდ ფორმალურ ლოზუნგებად იქცა. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ნდობის დაკარგვა და ორგანიზაციის არსისგან დაცლაა.
საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებაში წვლილის შეტანა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვაოთ დიალოგი ჩარევისგან. დიალოგი გულისხმობს მოსაზრებების გაცვლას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ყველა სახელმწიფოსთვის საერთო სტანდარტების დაცვას - იმ სტანდარტებისა, რომლებზეც ყველა წევრი ნებაყოფლობით შეთანხმდა. ამრიგად, წესებზე დაფუძნებული წესრიგის აღდგენა იწყება იმ ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კეთილსინდისიერების განახლებით, რომლებიც ამ წესრიგს საფუძვლად უდევს. საქართველო ამ ამოცანის ერთგული რჩება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |