რევაზ სოხაძე: ვცვლით თამაშის წესებს, რათა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და გავაძლიეროთ ქართული სამშენებლო კომპანიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ოქტომბერი 2026, 23:04

„სამშენებლო კომპანიები ჩვენი პარტნიორები არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ქვეყანაში არსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ჩვენი ამოცანაა, მათ შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები, თუმცა ბიზნესის მოგება არ უნდა იყოს სახელმწიფოს ან სამუშაოების ხარისხის ხარჯზე“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სფეროში ძირეული ცვლილებები დაიწყო, რომელთა მიზანია გამჭვირვალე და სამართლიანი სატენდერო გარემოს შექმნა, საბაზრო ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა, სამშენებლო ნორმების განახლება, ხარისხის კონტროლის გაძლიერება და ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარების ხელშეწყობა.

რევაზ სოხაძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბიდან გამომდინარე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სამშენებლო კომპანიები სახელმწიფოს პარტნიორები არიან, თუმცა მათი კომერციული ინტერესები ვერ გადაწონის ხარისხისა და სახელმწიფო სახსრების მიზნობრივად გამოყენების მოთხოვნებს.

„ჩვენ დავიწყეთ თამაშის წესების ძირეული ცვლილება. პირველი, რაც გავაკეთეთ, სატენდერო პირობების ცვლილება იყო. მაქსიმალურად შევეცადეთ, პირობები ყოფილიყო გამჭვირვალე, ყველასთვის გასაგები და მისაღები, რათა ყველა მონაწილეს ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა იმ წესებზე, რომელთა დაცვაც მოეთხოვება“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ფასწარმოქმნის სისტემის მოწესრიგებაა. მინისტრის თქმით, აუცილებელია, სატენდერო ღირებულებები რეალურ საბაზრო ფასებს შეესაბამებოდეს და დამატებითი ფასების წარდგენა დასაბუთებული იყოს.

რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა სამშენებლო ნორმების განახლების აუცილებლობაზეც. მისი განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი 1984 წლით თარიღდება, რაც თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით განახლებას საჭიროებს.

ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოს პირობებზე მორგებული ნორმების შესამუშავებლად. მინისტრის თქმით, შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია და მიზანია, ქვეყანას ჰქონდეს საკუთარი, კონკრეტულ კლიმატურ პირობებსა და გეოგრაფიულ თავისებურებებზე მორგებული სტანდარტები.

„მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, როგორი გზები უნდა აშენდეს მაღალმთიან რეგიონებში, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში და ქვეყნის სხვადასხვა ზონაში. ჩვენ უნდა გვქონდეს საქართველოს რეალობაზე მორგებული ნორმები, რომლებიც მშენებლობის ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, კიდევ ერთი პრიორიტეტი ხარისხის კონტროლის გაძლიერებაა. მისი თქმით, სახელმწიფო არ ჩაიბარებს უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მხრივ კომპრომისი არ იქნება.

ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფარგლებში იქმნება თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც შესაბამისი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და სამშენებლო სამუშაოების ხარისხის შემოწმების შესაძლებლობას გააძლიერებს.

რევაზ სოხაძის განმარტებით, ხარისხის კონტროლის გაძლიერება კერძო სექტორის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რადგან ხარისხზე მოთხოვნის ზრდა ამ მიმართულებით შესაბამისი მომსახურებებისა და შესაძლებლობების განვითარებას განაპირობებს.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული სამშენებლო კომპანიების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოში აშენებული არაერთი მსხვილი მაგისტრალის პროექტში უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ, რაც იმასაც ნიშნავდა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდა არა მხოლოდ ფინანსური რესურსების ნაწილი, არამედ გამოცდილებაც.

„ჩვენ გვაქვს აშენებული მაგისტრალები და გარკვეული გამოცდილებაც მივიღეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები გვყავდეს, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში მონაწილეობისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ“- განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართული კომპანიების მონაწილეობას მსხვილ, მათ შორის საერთაშორისო სატენდერო პროცედურებში. მინისტრმა მაგალითად თბილისის შემოვლითი გზის პროექტი მოიყვანა, სადაც ქართულმა კომპანიებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა კახეთის მიმართულებით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. მისი განცხადებით, ბადიაურიდან ბაკურციხის მიმართულებით მაგისტრალის გაგრძელების პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი ლარი იქნება.

„რადგან მსხვილი მაგისტრალების პროექტები დონორების დაფინანსებით ხორციელდება, შესყიდვის პირობები მათთანაც უნდა იყოს შეთანხმებული. კახეთის მიმართულებით, ბადიაურიდან ბაკურციხისკენ მაგისტრალის გაგრძელების პროექტთან დაკავშირებით, სატენდერო პირობებში პირდაპირ განისაზღვრება, რომ მინიმუმ 50%-იანი ქვეკონტრაქტორი ქართული კომპანია უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვებული უცხოური კომპანიის შემთხვევაშიც კი, პროექტში ქართული კომპანიის მონაწილეობა სავალდებულო იქნება“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნას, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას და ქართული სამშენებლო სექტორის გაძლიერებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის - ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ პრეფექტურებსა და მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან, სამართალდამცველებს კი მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ
ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ილაპარაკა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი
ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა
ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი
არქივი