აშშ ევროკავშირს მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება, თუ ბრიუსელი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის ილონ მასკის „სფეის იქსს“, ევროპული ბაზრის გარკვეულ სეგმენტებზე წვდომას შეუზღუდავს.
ამის შესახებ ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, ენდრიუ პაზდერმა განაცხადა.
დიპლომატის თქმით, ევროკომისიის მიერ დაგეგმილი შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში ევროპული კომპანიები, შესაძლოა, ვაშინგტონის „გამანადგურებელი“ საპასუხო ზომების სამიზნე გახდნენ.
საუბარია ევროკომისიის წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც, რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილი, რომელიც სმარტფონებს თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირების საშუალებას აძლევს, მხოლოდ ევროპული კომპანიებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის სიხშირეებზე წვდომა შეეზღუდებათ ამერიკულ და ჩინურ კომპანიებს.
კითხვაზე, უნდა ელოდონ თუ არა ევროპული კომპანიები აშშ-ის საპასუხო ნაბიჯებს, ენდრიუ პაზდერმა განაცხადა: „მათ სიფრთხილე მართებთ, რადგან ეს შეიძლება მოხდეს და, ამერიკული ბაზრის მასშტაბების გათვალისწინებით, შედეგები ამ კომპანიებისთვის გამანადგურებელი იქნება“.
ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ევროკავშირის ინიციატივა არ უნდა ემსახურებოდეს ამერიკული კომპანიების კონკურენტუნარიანობის შემცირებას.
„მიზანი თუ შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობის შესუსტებაა, ეს მსგავსი კანონმდებლობის ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნება. ევროპული კომპანიების კონკურენტუნარიანობას ამერიკული კომპანიების დასუსტების ხარჯზე ვერ გაზრდით“, – განაცხადა პაზდერმა.
ევროკომისიის ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკეს თავად „სფეის იქსშიც“. კომპანიის განცხადებით, შეზღუდვებმა, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს უკრაინაში სატელიტური კავშირის ხარისხზე, სადაც „სტარლინკს“ კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის ტერმინალების სამხედრო ვერსიის, „სტარშილდის“ მუშაობაში შეზღუდვებს წააწყდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინაში „სტარშილდის“ მუშაობის შეზღუდვის ბრძანება არ გაუცია და მისთვის უცნობია, ვინ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, „ტელეგრაფის“ წყაროების ცნობით, უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობის შეზღუდვა დონალდ ტრამპს თავად „სფეის იქსის“ ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა შესთავაზა, რასაც ამერიკის პრეზიდენტი დაეთანხმა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |