საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2026, 16:48

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რადეკ ვონდრაჩეკს და ამავე კომიტეტის წევრებს, ასევე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩეხეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, რობერტ კრალიჩეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ურთიერთობების გადატვირთვისთვის გადასადგმელი ნაბიჯები.

დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენისთვის საქმიანი, კონსტრუქციული და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც, ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რადეკ ვონდრაჩეკმა გამოხატა თანამშრომლობის და დიალოგის მზაობა.

ამასთან, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგარეო ჩარევებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად საქართველოს და ჩეხეთის მიერ მიღებულ თუ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში მოქმედ გამჭვირვალობის კანონმდებლობას.

ჩეხეთის პარლამენტის წევრების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა და გამოხატეს მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი