გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღია ცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს თავზე სადაზვერვო ფრენა განახორციელეს, ეს მისია გერმანული A-319 OH სადაზვერვო თვითმფრინავით საფრანგეთთან, კანადასთან, იტალიასთან, ლატვიასთან და საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც საელჩოში აცხადებენ, თვითმფრინავის გამოყენება ასევე შესაძლებელია ღია ცის შესახებ ხელშეკრულების სხვა წევრი სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა მისიის შესრულებისას.
„ხელშეკრულება ღია ცის შესახებ 32 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, განახორციელონ შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენები სხვა წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე. ბორტზე მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ყოველთვის იმყოფებიან შესაბამისი ქვეყნის წარმომადგენლები და მრავალეროვნული საინსპექციო ჯგუფი. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს მშვიდობას და თავიდან იცილებს გაუგებრობებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |