1
28 ოქტომბერი 2026, 09:43
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის - RDIF-ისთვის - სანქციების შესაძლო გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ The New York Times აშშ–რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ფონდს ხელმძღვანელობს კირილ დმიტრიევი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებებში.
გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვმა ფონდისთვის სანქციების მოხსნა რუსული დიზელის შეერთებულ შტატებში მიწოდების საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს მოითხოვა. რუსულ მხარეს სურს, რომ RDIF-მა საწვავის გარიგებასთან დაკავშირებულ გადახდებსა და სხვა ფინანსურ ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ფონდის სანქციებიდან ამოღების მოთხოვნას სტანდარტული ადმინისტრაციული პროცედურის ფარგლებში განიხილავს. წარმატების მისაღწევად RDIF-მა უნდა დაამტკიცოს, რომ გარემოებები, რომელთა საფუძველზეც სანქციები დაუწესდა, შეიცვალა ან აღარ არსებობს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ RDIF-ს სანქციები 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი დღის შემდეგ დაუწესა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ფორმალურად სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი ფართოდ განიხილებოდა როგორც „ვლადიმირ პუტინის შავი სალარო“ და რუსეთის კლეპტოკრატიული სისტემის სიმბოლო.
რას წარმოადგენს RDIF
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი 2011 წელს შეიქმნა. ფორმალურად მისი ფუნქციაა უცხოური კაპიტალის მოზიდვა და რუსეთში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების დაფინანსება.
ფონდი მონაწილეობდა:
- ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
- ტექნოლოგიურ ინვესტიციებში;
- უცხოურ სახელმწიფო ფონდებთან გარიგებებში;
- „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის საერთაშორისო წარმოებასა და გავრცელებაში.
RDIF-ის სანქციებიდან ამოღება შეიძლება გახდეს სიგნალი, რომ ვაშინგტონი მზად არის რუსეთს ეკონომიკური შეღავათები უკრაინაში ომის დასრულებამდე მისცეს.
დიზელის გარიგება მოსკოვისთვის კარის გასაღებად იქცა: ჯერ კონკრეტული საწვავის ოპერაციები დაუშვეს, ახლა კი რუსეთი ცდილობს, ამ გარიგების მომსახურების საბაბით კრემლის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტრუმენტიც სანქციებიდან გამოიყვანოს.
თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |