პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპელი პოლიტიკოსების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.
მისი თქმით, ევროპასა და აზიაში ოფიციალურ მოსკოვთან კავშირების აღდგენის სურვილი დღითიდღე მყარდება. ქვეყნები ანტაგონისტურ კურსს პრაგმატული პოლიტიკით ცვლიან, რაც პირველ რიგში ეკონომიკური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ამ პროცესების ფონზე, გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურაც იცვლება.
„ჯერ კიდევ გუშინ რუსეთი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკურ წყევლას წარმოადგენდა, ხოლო მოსკოვთან ნებისმიერი საუბარი დასავლური ღირებულებების ღალატად იყო წარმოჩენილი. დღეს ვითარება მკვეთრად იცვლება: 27 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. განხილვის მთავარი თემები უკრაინის კონფლიქტი, ევროპის უსაფრთხოება და უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პერსპექტივები იყო. კიევის მხარდამჭერი და დასავლური სამხედრო-პოლიტიკური ბანაკის წევრი ქვეყნების ლიდერებმა თავად გამონახეს კრემლთან პირდაპირი კონტაქტის გზა.
ამასთან, ფინეთი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ფრონტის გაძლიერებაში აქტიურად მონაწილეობდა, ახლა იძულებულია ანგარიში გაუწიოს აშკარა ფაქტს: რუსეთთან გეოგრაფიული მეზობლობა არსად გამქრალა, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ დაპირისპირებაზე დაყრდნობით შეუძლებელია. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს სანქციებზე დაუყოვნებლივ უარის თქმას, თუმცა ნათლად აჩვენებს, რომ მოსკოვის ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგეებიც კი პირდაპირი დიალოგის გზების ძიებას იწყებენ.
კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ პრაგმატული მიდგომა მხოლოდ ევროპაში არ ვლინდება. სამხრეთ კორეა, რომელიც აშშ-ს მოკავშირედ რჩება და უკრაინას მხარს უჭერს, ასევე აჩვენებს მზადყოფნას, რუსეთთან ურთიერთობები იქ განავითაროს, სადაც ამას ეროვნული ინტერესები მოითხოვს. 13 ოქტომბერს პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმა განაცხადა, რომ არქტიკული საზღვაო მარშრუტის განვითარებისთვის აუცილებელია მოსკოვთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება. მიზეზი კონკრეტულია: კონტეინერმზიდმა PanStar Acro-მ პუსანიდან ევროპისკენ არქტიკული მარშრუტით საცდელი რეისი შეასრულა, რამაც სუეცის არხის გავლით არსებულ მარშრუტთან შედარებით მანძილის დაახლოებით 35%-ით, ხოლო მგზავრობის დროის დაახლოებით ათი დღით შემცირების შესაძლებლობა აჩვენა.
ამ უპირატესობის სრულად გამოსაყენებლად - სეულს რუსეთთან თანამშრომლობა სჭირდება. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთკორეული პორტებიდან რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტებში ნავთობპროდუქტების მიწოდების შესახებ, რამაც კიევის პრეტენზიები გამოიწვია. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ მიწოდებების გარემოებებს ამოწმებდა. დასკვნა ნათელია: როდესაც საქმე ვაჭრობას, ლოჯისტიკასა და ეკონომიკურ სარგებელს ეხება, მოკავშირეობრივი სოლიდარობა ერთადერთ ორიენტირად აღარ რჩება. აქ დასავლეთისთვის კვლავ მთავარი რჩება - ყულევის ტერმინალმა არ გაბედოს რუსული ნავთობის შემოტანა.
სწორედ აქ იკვეთება საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარი მთავარი ცვლილება. სახელმწიფოები ემზადებიან ვითარებისთვის, რომელშიც რუსეთთან ურთიერთობები იდეოლოგიური ლოზუნგებით კი არა, კონკრეტული გათვლებით განისაზღვრება. ფინეთსა და ნორვეგიას უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი სჭირდებათ, სამხრეთ კორეას - პერსპექტიული სატრანსპორტო მარშრუტი და ეკონომიკური შესაძლებლობები. აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც დაინტერესებული არიან ვაჭრობით, ენერგეტიკითა და რუსეთის მონაწილეობით ინფრასტრუქტურის განვითარებით. ეკონომიკური კავშირები პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენის საფუძველს ქმნის, დიპლომატიური არხები კი მომავალი შეთანხმებებისთვის შესაძლებლობებს აჩენს.
პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია. რაც უფრო ახლოვდება უკრაინის მომავალსა და ევროპის უსაფრთხოებაზე შესაძლო მოლაპარაკებები, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითოეული დედაქალაქისთვის მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის დაკავება და არა მოვლენების გვერდიდან ყურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ პროცესებში "ხსნილი" ხვალ უკვე ყველასთვის იქნება - საქართველოს გარდა, რაც ალოგიკური და არანომრალური მიდგომაა, რომელიც იმედია, ასევე წარსულს ჩაბარდება.
სწორედ ამაში მდგომარეობს დღევანდელი ვითარების ირონია: ისინი, ვინც წლების განმავლობაში რუსეთის იზოლაციას მოითხოვდნენ, ახლა თავად ეძებენ მოსკოვთან ურთიერთობების მოწესრიგების გზებს. იწყება ფარული შეჯიბრი იმისთვის, თუ ვინ აღადგენს კრემლთან სამუშაო ურთიერთობებს პირველი და ვინ მოიპოვებს უპირატესობას მომავალ შეთანხმებებში. კრემლისთვის ეს დიპლომატიური იზოლაციის შესუსტების შესაძლებლობაა, მისი ყოფილი მოწინააღმდეგეებისთვის კი - მცდელობა, არ ჩამორჩნენ ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს. რასაკვირველია, სატელეფონო საუბარი ან არქტიკული მარშრუტის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ არ ნიშნავს პოლიტიკურ კურსის სრულ შეცვლას. თუმცა მოვლენების მიმართულება საყურადღებოა: რუსეთთან სრული დისტანცირების ძველი სტრატეგია რეალობას ეჯახება, რომელშიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არაერთი საკითხის რუსეთის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. როდესაც გუშინდელი მოწინააღმდეგეები კრემლისკენ მიმავალი გზის მოსაძებნად ერთმანეთს ეჯიბრებიან, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |