აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 2025 წლის დასაწყისში კონგრესში სავარაუდო კორუფციული გარიგებების მასშტაბური გამოძიება დაიწყო. გამოძიების ცენტრში რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი აღმოჩნდნენ. თუმცა, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და FBI-ის ანტიკორუფციული დანაყოფების თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ გამოძიება ფაქტობრივად შეწყდა. ამის შესახებ გამოცემა ProPublica წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიების საფუძველი ჰავაიში დაფუძნებული თავდაცვის სფეროს კომპანია Navatek-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მარტინ კაოს ჩვენებები გახდა. კაო ამტკიცებდა, რომ კომპანია პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო შემოწირულობებსა და სხვა ფინანსურ სარგებელს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი სახელმწიფო კონტრაქტებისა და დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას იღებდა. კაოს თქმით, მსგავსი გარიგებები სამხრეთ კაროლინაში გრემთან, კლაიბერნთან და რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონთანაც ჰქონდა.
ProPublica-ს ინფორმაციით, 2020 წლის 3 მარტს ლინდსი გრემი ვაშინგტონში, რესტორან Charlie Palmer Steak-ში კაოს, Navatek-ის კიდევ ერთი ხელმძღვანელისა და ლობისტის პირად შეხვედრაზე მივიდა. მხოლოდ შეხვედრის ორგანიზებისთვის გრემი საარჩევნო შტაბში 40 000 დოლარის ოდენობის შემოწირულობებს ითხოვდა, ხოლო შეხვედრა მხოლოდ 45 წუთს უნდა გაგრძელებულიყო.
კაოს მიერ FBI-სთვის მიცემული ჩვენების თანახმად, გრემი მას სახელმწიფო კონტრაქტის Navatek-სთვის გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა. სანაცვლოდ, სენატორმა კომპანიის ხელმძღვანელს მისი საარჩევნო კამპანიისთვის ჯამში 100 000 დოლარის შემოწირულობის გაღება სთხოვა. კაოს თქმით, გრემმა პირდაპირ უთხრა, რა თანხის მიღება სურდა და რა დახმარების გაწევას აპირებდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, Navatek-ს სამხრეთ კაროლინაში 9.5 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვის კვლევის პროექტის დაფინანსების მოპოვება სურდა. პროექტი აშშ-ის საზღვაო ძალების გემებზე ენერგიის განაწილების სისტემების განვითარებას ითვალისწინებდა. კომპანიისთვის დაფინანსების მოპოვებაში გრემისა და კლაიბერნის ოფისები მონაწილეობდნენ. 2019 წლის დეკემბერში კონგრესმა პროექტისთვის 9.5 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ProPublica-ს მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, გრემის ოფისი საზღვაო ძალებთანაც თანამშრომლობდა, რათა თანხა სწორედ Navatek-ისა და სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტისთვის გადაეცათ. კონტრაქტი კომპანიამ 2020 წლის ივლისში მიიღო.
თუმცა, Navatek-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, კომპანიას ამ კვლევის ჩასატარებლად საჭირო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები პრაქტიკულად არ ჰყავდა. მისი შეფასებით, თავდაპირველი კვლევა უფრო სტუდენტურ ნაშრომს ჰგავდა, ვიდრე სრულფასოვან სამეცნიერო პროექტს.
გამოძიების ფარგლებში კაომ FBI-ს ასევე განუცხადა, რომ მსგავსი გარიგება ჯეიმს კლაიბერნთანაც დადო. მისი თქმით, კონგრესმენმა შეხვედრისას ჰკითხა, რამდენის შეწირვას აპირებდა გრემის კამპანიისთვის, შემდეგ კი თავადაც იმავე ოდენობის შემოწირულობა მოითხოვა.
FBI-მ დაადგინა, რომ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კაომ და მისმა ოჯახის წევრებმა კლაიბერნის კამპანიას ჯამში 20 000 დოლარი შესწირეს. ერთი თვის შემდეგ Navatek-ის ხელმძღვანელმა კლაიბერნის ყოფილ უნივერსიტეტს, სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 10 000 დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია.
კაოს ჩვენების თანახმად, მსგავსი შეთანხმება რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონთანაც შედგა. FBI-მ მოიპოვა ჩანაწერები კაოსა და ლობისტის მიერ ჯო უილსონის კამპანიისთვის გადარიცხული 3 500 დოლარის შესახებ.
გამოძიების მასალების მიხედვით, Navatek-ის ხელმძღვანელები პოლიტიკოსებთან ურთიერთობას წინასწარ დაგეგმილი სქემით ამყარებდნენ: კომპანია კონკრეტული შტატის ან საარჩევნო ოლქის გავლენიან კანონმდებელთან და ადგილობრივ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებდა, შემდეგ კი კონგრესისგან ფედერალური დაფინანსების მოპოვებას ცდილობდა. კანონმდებლები თავდაცვის ბიუჯეტში ისეთ ჩანაწერებს ამატებდნენ, რომლებიც კომპანიის მიერ შეთავაზებულ კვლევებს შეესაბამებოდა და საბოლოოდ Navatek-ს სახელმწიფო კონტრაქტის მიღების შესაძლებლობას აძლევდა.
კაოს თქმით, შემოწირულობები ყოველთვის წინასწარ არ ირიცხებოდა. კომპანია ზოგჯერ ჯერ პოლიტიკოსებისგან დაფინანსების მოპოვებაში დახმარების გარკვეულ გარანტიას ელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ რიცხავდა თანხას.
FBI-მ გამოძიება 2024 წლის ბოლოს გაააქტიურა. გამომძიებლებმა Navatek-ის ყოფილი ხელმძღვანელები, დიუკ ჰარტმანი და ჯოშუა ნაიტი, შესაძლო ქრთამის აღებისა და კორუფციული გარიგებების საქმეში ოფიციალურად დაინტერესებულ პირებად დაასახელეს. გრემი, კლაიბერნი და უილსონი ამ სტატუსით არ ყოფილან მოხსენიებული, თუმცა გამომძიებლები კაოსთან მათ კავშირს აქტიურად სწავლობდნენ. გამოძიების მასალების თანახმად, აგენტები არ გამორიცხავდნენ, რომ კანონმდებლები მოგვიანებით გამოძიების უშუალო ობიექტები გამხდარიყვნენ. გამომძიებლები ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავდნენ, რადგან პოლიტიკოსებსა და შემოწირულობების გამღებ პირებს შორის უკანონო შეთანხმების დამტკიცებას ხშირად დამატებითი მტკიცებულებები სჭირდება.
თუმცა, ProPublica-ს ცნობით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ FBI-სა და იუსტიციის დეპარტამენტში ანტიკორუფციული მიმართულებით მომუშავე დანაყოფების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ საჯარო კორუფციის საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული ჯგუფები დაშალა. გამოძიებაში ჩართული FBI-ის ორი გამოცდილი აგენტიც გათავისუფლდა: მიშელ ბოლი 2025 წლის ოქტომბერში დაითხოვეს, ხოლო კევინ გონო 2026 წლის დასაწყისში უწყებიდან წავიდა. საქმეზე მომუშავე იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორმა ქეით ფიფილდმაც თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულ განყოფილებას ახალი საქმეების აღძვრის უფლებამოსილება შეუზღუდეს.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად გამოძიება ფაქტობრივად შეწყვეტილია.
ProPublica-ს ცნობით, კაო ერთადერთია ამ საქმესთან დაკავშირებულ პირთაგან, ვისაც პატიმრობა მიესაჯა. 2022 წელს მან უკანონო საარჩევნო შემოწირულობებისა და სესხის თაღლითურად მიღების ფაქტები აღიარა. 2025 წელს სასამართლომ მას 87 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ProPublica-ს კითხვებზე პასუხად, ჯეიმს კლაიბერნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოწირულობები კონგრესმენის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდა და კლაიბერნი სამხრეთ კაროლინაში უნივერსიტეტების მხარდაჭერას ყოველთვის ცდილობდა. მისი თქმით, მსჯავრდებული თაღლითის განცხადებები კონგრესმენს ამ პოზიციის შეცვლას ვერ აიძულებს.
ჯო უილსონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონგრესმენი საარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით ფედერალური საარჩევნო კომისიის წესებს ყოველთვის იცავდა.
ლინდსი გრემის წარმომადგენელმა კი ბრალდებები უარყო და მათ „მსჯავრდებული დამნაშავის ცილისწამება“ უწოდა. მისი განცხადებით, გრემსა და მის თანამშრომლებს რაიმე უკანონო შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
გამოძიების ფარგლებში დასახელებული Navatek-ის ყოფილი ხელმძღვანელები, დიუკ ჰარტმანი და ჯოშუა ნაიტი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუციათ. კაოს დაკავების შემდეგ მათ ახალი თავდაცვის კვლევითი კომპანია Integer Technologies დააარსეს. ProPublica-ს ცნობით, სწორედ ამ კომპანიამ მიიღო საბოლოოდ ის კონტრაქტი, რომლის მოპოვებაშიც გრემის დახმარებას კაო ითხოვდა. კომპანია Integer Technologies-მა 2025 წელს 81 მილიონი დოლარის სახელმწიფო კონტრაქტები მიიღო და 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის 375 მილიონ დოლარამდე გაზრდა დააანონსა.
ProPublica-ს ცნობით, კაოს მიერ FBI-სთვის მიცემული ჩვენებების დიდი ნაწილი იმ დოკუმენტებსა და შიდა მიმოწერას ემთხვეოდა, რომლებიც გამომძიებლებმა Navatek-ისგან ამოიღეს. მიუხედავად ამისა, კაოს ბრალდებები დამტკიცებული არ არის. თავად კაოს სანდოობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან ის FBI-სთან თანამშრომლობდა იმ იმედით, რომ ეს საკუთარი სასჯელის შემსუბუქებაში დაეხმარებოდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |