ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის, პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დუმილის გამო აკრიტიკებს.
ჩიხელიძის განცხადებით, მაშინ, როდესაც პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობას პოლიცია პიკეტირებს და მის ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან სათანადო რეაგირება არ ისმის.
მისი შეფასებით, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის სტანდარტები ყველა ქვეყანაში ერთნაირად უნდა მოქმედებდეს და ორმაგი სტანდარტი მიუღებელია.
„ბატონო ჰერჩინსკი, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ეზოში სპეცრაზმი, შენობის პოლიციის მიერ პიკეტირება... ეს არის თქვენთვის დემოკრატიის ევროპული სტანდარტი?
პოლონეთის პრეზიდენტმა სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნებული საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არ შეუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაცვის წევრებიც განაიარაღეს.
საინტერესოა, სად არის ამ დროს ევროპელი ბიუროკრატების განცხადებები, შეშფოთება და მოწოდებები დემოკრატიული პრინციპების დაცვის შესახებ?
როდესაც საქმე საქართველოს ეხება, დემოკრატიის სტანდარტები განსაკუთრებული სიმკაცრით იზომება. მაგრამ როდესაც მსგავსი მოვლენები ევროპის პოლიტიკურ სივრცეში ვითარდება, რატომ არ ისმის იმავე ტონით საუბარი სამართლის უზენაესობაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე?
ბატონო ჰერჩინსკი, იქნებ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებითაც გაგვიზიაროთ თქვენი ევროპული პოზიცია.
პოლონეთში განვითარებული მოვლენები მხოლოდ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შიდა საკითხი არ არის. ეს არის ღია დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის, რომლის ფარგლებშიც, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსტიტუტის ხელში ჩაგდების საკითხიც დგას. ამ ყველაფერზე კი, სამწუხაროდ, დუმილს ამჯობინებენ.
მათ შორის დუმს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ხშირად აკეთებს კომენტარებს ისეთ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ არ ეხება მის დიპლომატიურ მანდატს, თუმცა მაშინ, როდესაც საუბარი ევროპულ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობას ეხება, მისი ხმა აღარ ისმის.
დემოკრატიული პრინციპები პირადი შეხედულებების მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს. კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და დემოკრატიული სტანდარტები მთავარი ღირებულებებია, ისინი ყველგან ერთნაირად უნდა ფასდებოდეს!“ - წერს ჩიხელიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |