საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ „რთულმა, ძლიერმა და მოქნილმა უსაფრთხოების ზომებმა“ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების მართვა შესაძლებელი გახადა.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებული დარჩებიან საფრანგეთის ყველა რეგიონში „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
ნუნიესმა ასევე აღნიშნა, რომ თანაგრძნობას უცხადებს იმ სამ პოლიციელს, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შედეგად დაშავდნენ.
„დღევანდელი დღე მაღალი რისკის დღე იყო. რთულმა, ძლიერმა და მოქნილმა სისტემამ შესაძლებელი გახადა გამოცხადებული დემონსტრაციების მართვა, რაც უზრუნველყოფდა გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად ხელს უშლიდა მათ ქმედებებს, ვინც ცდილობდა მსვლელობის ჩაშლას. მადლობას ვუხდი დღეს მობილიზებულ ყველა შიდა უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალებს, რომლებსაც ძალიან სერიოზული ძალადობრივი ქმედებების ატანა მოუწიათ, რომლებიც ყველამ უნდა დაგმოს. ღრმად ვწუხვარ „მოლოტოვის კოქტეილის“ შედეგად დაშავებული ჟანდარმერიის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“, — წერს საფრანგეთის შს მინისტრი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |