უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც კიევთან ახლოს მდებარე სოფლის, პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის ერთ-ერთ კერძო სახლში ჯარისკაცებს აწამებდა, უნდა დაისაჯოს.
როგორც გონჩარენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სახლში, სადაც სამხედროები იყვნენ უკანონოდ დაპატიმრებულები, საწამებელი ოთახები იყო მოწყობილი.
„მივმართავ ყველას, გააზიარეთ ეს ვიდეო და მიაღწიეთ სამართლიანობას, რათა უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ დაასახელოს ყველა, ყველას სახელები, ვინც დამნაშავეა. ყველა უნდა დაისაჯოს, რადგან ამის ასე დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა გონჩარენკომ.
მან მიმართა პოლიტიკოსებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, რათა ისინი ჩუმად არ იყვნენ. „დღეს ეს ადამიანები არიან, ხვალ შეიძლება მათ ადგილას იყოს თქვენი ძმა, შვილი, მამა, ქმარი. ასე არ უნდა ხდებოდეს“, - დასძინა მან.
როგორც გონჩარენკომ აღნიშნა, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. ერთ კატეგორიაში არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, ხოლო მეორე კატეგორიაში - ყველა დანარჩენი.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ლაპარაკია დაახლოებით 40 სამხედროზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |