1
04 ნოემბერი 2026, 15:30
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველაზე რბილი შეფასება იქნება რომ ვთქვათ, ასეთი უზუსტობების დაშვება იმიტომ, რომ ნათლად ვხედავთ მცდელობას, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაჰბრალდეს პოლიტიკური დიალოგის შეჩერება. თუმცა ფაქტები და ისტორია არის ჯიუტი და აჩვენებს იმას, რომ სწორედ ევროკავშირმა შეაჩერა 2024 წლის ივნისში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკომისიის მიერ მომზადებულ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის შესახებ საუბრისას.
სამხარაძე დარწმუნებულია, იმ შემთხვევაში, თუ მსჯელობა ფაქტებზე დაყრდნობით იქნება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იარსებებს.
სამხარაძე ყველას მოუწოდებს, ორმაგი სტანდარტების მაგივრად ფაქტებით იხელმძღვანელონ.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან ნებისმიერი სახის თემაზე სასაუბროდ, მათ შორის, კრიტიკულ თემებზე სასაუბროდ- დემონსტრაციებზე, არჩევნებში ჩარევაზე, გამჭვირვალობის კანონზე სასაუბროდ, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი არგუმენტებით და მათ უნდა წარმოადგინონ სამართლებრივი არგუმენტები, რომელი მუხლი ან რომელი პუნქტი ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი, სწორი მიდგომა და ამ მიდგომის შემთხვევაში ვარწმუნებ ყველას, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის სხვა დამატებითი ბარიერები არ იარსებებს და ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ პროცესს.
მათ შორის იმ ანგარიშშიც, თუ ჩავხედავთ, იქაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მაჩვენებლით საკმაოდ წინ არის და გუშინაც კიდევ ერთხელ იქნა განცხადებული, რომ საქართველოს 90% აქვს შესრულებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების. ეს 90% რა თქმა უნდა ჰაერიდან არ მოსულა, ამაზე იმუშავა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა და ეს არის შესრულების ძალიან მაღალი მაჩვენებელი.
აქედან გამომდინარე, თუ პოლიტიკურ მიზეზებს და პოლიტიკურ გემოვნებას გვერდზე გადავდებთ და ფაქტებით გვექნება მსჯელობა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პრობლემები აღარ იქნება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ორმაგი სტანდარტების მაგივრად ფაქტებით იხელმძღვანელონ“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |