საფრანგეთი ირანს სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებულ კიბერშეტევაში სდებს ბრალს, რის შედეგადაც დაახლოებით 700 სავაჭრო ობიექტში სურსათი გაფუჭდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„ეს უპრეცედენტო მასშტაბისა და უპრეცედენტო აგრესიულობის თავდასხმა იყო“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ეს საფრანგეთის ტერიტორიაზე დივერსიული მიზნებით განხორციელებული პირველი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა იყო.
„ეს ქვეყნის ინტერესებსა და საფრანგეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე განხორციელებული სერიოზული თავდასხმაა“, – განაცხადა ბარომ.
მისივე თქმით, საფრანგეთმა ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა და საპასუხო სანქციების დაწესებას „ევროპულ დონეზე“ გეგმავს.
თეირანს საფრანგეთის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
პარიზის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, ამის საფუძველი იყო სპარსული ენის გამოყენება და IP-მისამართები, რომლებიც ირანში მდებარე მოწყობილობებზე მიუთითებდა. გამოძიება „შაჰიდ კავეს“ კიბერდანაყოფის ხელმძღვანელის, მისი ორი მოადგილისა და სხვა შესაძლო პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს. მედიის ცნობით, აღნიშნული დანაყოფი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის დაკავშირებული.
ცნობისთვის, მსგავსი კიბერშეტევები მიმდინარე თვის დასაწყისში შვედეთის, ბელგიისა და ირლანდიის სუპერმარკეტებზეც განხორციელდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები საფრანგეთში მომხდარ თავდასხმას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |