ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, კანდიდატ ქვეყანაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, დამარცხდა ამ არჩევნებში და რასაც ვუყურებთ ეს ორი წელი, არის მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადების შეფასება, სადაც ის დასავლეთს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.
„მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას ამბობს, მთავარია ჩვენ რა ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის არჩევნებში ჩაერივნენ, ჩაერია ევროკავშირი და მისი ელჩი. ეს არის ფაქტი. ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, კანდიდატ ქვეყანაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, დამარცხდა ამ არჩევნებში და რასაც ვუყურებთ ეს ორი წელი, არის მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამას ვუყურებთ ყველაფერში.
4 ოქტომბრის დამხობის მხარდაჭერა ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ, სწორედ ამის მიზეზი იყო. მოძალადეების მხარდაჭერა ევროკავშირის ელჩის მხრიდან და ის, რომ დღემდე არ გმობს ამ ძალადობას, ესეც სწორედ ამის გამო ხდება, რომ ევროკავშირი დღეს შურს იძიებს საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. 2024 წლის არჩევნებზე რეფერენდუმი გამოგვიცხადეს და ამ რეფერენდუმში დამარცხდა ბრიუსელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |