1
18 ნოემბერი 2026, 17:33
მთაწმინდაზე, ვასილ პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
პროექტის მიხედვით შენობის ფასადს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და პირვანდელი სახე დაუბრუნდება. გარდა ამისა, სახლის საძირკველი გამაგრდება მონოლითური რკინაბეტონით, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინაბეტონის კოჭები მოეწყობა. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარები კი სპეციალური მასალით დამუშავდება.
სახლში 19 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 952 290 ლარი დაიხარჯება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |