პატრიარქი - დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია - ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 19:31

საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს. შიო მესამე წერილში აღნიშნავს, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია, მაგრამ ასეთ მძიმე წუთებში იმედი და ნუგეში რწმენაა.

„მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.

დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…

განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...

შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.

ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!“, - წერია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი