ირანის ხელისუფლებამ ცნობილი მომღერალი პარასტუ აჰმადი და მისი მუსიკალური ჯგუფისა და გადამღები გუნდის ოთხი წევრი გაამათრახა. თითოეულს მათრახის 74 დარტყმა მიაყენეს.
დასჯის მიზეზი აჰმადის ჰიჯაბის გარეშე გამოსვლა გახდა.
მათ ასევე ორი წლით აუკრძალეს მუსიკალური და სხვა შემოქმედებითი საქმიანობა და ქვეყნიდან გასვლა. გავრცელებულ ცნობებში აჰმადის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის შემდეგ დაზუსტებული არ არის
ადვოკატების ცნობით, სასჯელი ქალაქ ყუმში აღასრულეს. სწორედ იქ გაიმართა 2024 წელს კონცერტი, რომელიც მომღერლის YouTube-არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ აჰმადი და ორი მუსიკოსი დააკავეს. რამდენიმე დღეში სამივე გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლომ საქმე „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფად“ შეაფასა და განაჩენში ინტერნეტში „უხამსი და ამორალური მასალის“ შექმნასა და გავრცელებაზე მიუთითა. გასაჩივრების შემდეგ განაჩენი ძალაში დარჩა
პარასტუ აჰმადი კონცერტის დროს 27 წლის იყო, სასჯელის აღსრულებისას კი - 29-ის. უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw-ის ცნობით, ის 1997 წლის აპრილში ირანის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოუშაჰრში დაიბადა და უნივერსიტეტში რეჟისურას სწავლობდა.
https://www.youtube.com/watch?v=oYcaDHEnhbU კონცერტის ვიდეო ბმული
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |