საქართველო არ არის ის მხარე, რომელიც მოლაპარაკებების დაწყების ან არდაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. ეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ნაცვლად ვერ მიიღებს.
„ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით იხსნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. მოლაპარაკება კი ორ მხარეს შორის დიალოგსა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას გულისხმობს. საუბარი თუ არის წესებზე, რომლებიც ულტიმატუმის სახით არის წარმოდგენილი, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ ხდება მოლაპარაკებების გზით, ევროკავშირში გაწევრიანება ხდება ულტიმატუმის გზით.
მოლაპარაკებების დაწყების ან არდაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი. საქართველო ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ნაცვლად ვერ მიიღებს. სწორედ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის და როგორ გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო. ასე რომ, ვერასოდეს დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს საქართველომ შეაჩერა რაიმე პროცესი მაშინ, როდესაც სწორედ ევროკავშირის კომპეტენციაა, გადაწყვიტოს, როდის დაიწყება ეს პროცესი. ამასთან, ევროკავშირს საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ასეთი გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |