„სტრატეგია აღმაშენებელი“ გუშინ გამართული აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა" და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა „გაუგებრობაში ჩაითრია“.
როგორც პარტიაში განმარტავენ, მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები კი ამის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ.
„გუშინდელი დღე ნათელი დასტური იყო იმისა, თუ რამხელა ენერგია, ერთიანობა და ცვლილებების სურვილი არსებობს საზოგადოებაში. ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი ცალსახად გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში რეალური ალტერნატივის შექმნისა და გამარჯვების დიდი მუხტია.
სამწუხაროდ, გუშინდელ აქციაზე მომხდარმა ე.წ. „სიურპრიზმა" და შიდა დაპირისპირების მცდელობამ ყველა ჩაგვითრია გაუგებრობაში. მიუღებელია მსგავსი ქმედება წინასწარ დაგეგმილად კეთდებოდეს, პარტნიორები ამის შესახებ ინფორმირებულნიც კი არ ვიყავით.
„სტრატეგია აღმაშენებელი" მკაფიოდ ემიჯნება მომხდარ ინციდენტს. ხაზგასმით ვაცხადებთ: პარტნიორებს შორის მსგავსი ქმედება და შეუთანხმებელი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ ყველასთან, ვისაც რეალური ცვლილებებისა და გამარჯვების საერთო მიზანი ამოძრავებს, და არ ვაპირებთ ურთიერთობას მათთან, ვინც პარტნიორებს მსგავს „სიურპრიზებს" უწყობს”,-აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 28 ნოემბრის თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს "გამიზნული პროვოკაცია" უწოდეს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ მოითხოვეს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |