სტატიები
ნუ დაუჯერებთ სიცრუეს, ჩამოდით საქართველოში - კახა კალაძის მიმართვა უცხოელ ტურისტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 აგვისტო 2026, 16:22

კახა კალაძემ სპორტულ ჟურნალისტ ნობელ არუსტამს ინტერვიუ მისცა.  თბილისის მერმა ინტერვიუში საქართველოში ტურიზმის, უსაფრთხოებისა და უცხოეთიდან გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ისაუბრა. 

მისი განცხადებით, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს საქართველოში კონკრეტული ეროვნების ტურისტებს ცუდად ექცევიან. კალაძის შეფასებით, ეს კამპანია საქართველოს საერთაშორისო იმიჯის, ტურიზმისა და ეკონომიკის დაზიანებას ემსახურება. 

გავრცელებულ ხმებს მან „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა და უცხოელ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა ურჩია.



ნობელ არუსტამიანი: ცოტა ხნის წინ კანიე უესტის კონცერტი გაიმართა, თუ სწორად მახსოვს. თქვენ დაესწარით?

კახა კალაძე: სამწუხაროდ, ვერ დავესწარი - ვერ მოვახერხე. თუმცა ნამდვილმა ფურორით ჩაიარა: სტადიონი სავსე იყო და ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. ხალხი ჩამოვიდა არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც. მათ სპეციალურად შეიძინეს ბილეთები, რათა კანიე უესტის კონცერტს დასწრებოდნენ. ქალაქშიც აშკარად ჩანდა, რომ ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული.

ნობელ არუსტამიანი: კახა, როგორც ვიცი, წელს ხვიჩა კვარაცხელიამაც თბილისში გაატარა შვებულება. ზოგადად, თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის. მოგვიყევით ტურიზმსა და იმ უსაფრთხოებაზე, რომელიც თბილისში ტურისტებისთვის არსებობს.

კახა კალაძე: ჩვენთან, რა თქმა უნდა, ძალიან უსაფრთხოა. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი და ქვეყანაა.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უცხოეთიდან, სხვისი გავლენით, ჩვენი ხალხისა და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო. მისი მონაწილეები ამტკიცებენ, თითქოს ქართველები კონკრეტული ეროვნების ტურისტებს ცუდად ექცევიან და მათ საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ჩვენს ქვეყანაში არც ერთ ტურისტს არ ექცევიან ცუდად, რა ეროვნებისაც უნდა იყოს იგი. არც რუსებს, არც უკრაინელებს და არც ევროპის, აზიისა თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეებს

სოციალურ ქსელებში სპეციალურად შექმნილი ყალბი ანგარიშები და ბოტები სიცრუეს ავრცელებენ. მაგალითად, წერენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს განზრახ ტოვებენ ტყეში ან რესტორნებში მათ მიერ შეკვეთილ საკვებს უფუჭებენ. ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიცრუისა, რომელსაც ავრცელებენ.

შემდეგ ამ ყალბ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებენ მსხვილი უცხოური ინტერნეტგამოცემები, რომელთაც რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავთ. ამის შემდეგ მას აქტიურად ავრცელებენ ბლოგერები, რომლებსაც, სავარაუდოდ, ამ სიცრუის ავტორები მართავენ.

თუ არ ვცდები, ორი–სამი დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეს კამპანია უცხოეთიდან არის ორგანიზებული და ქვეყნის შიგნითაც ჰყავს მხარდამჭერები. მისი მიზანია ჩვენი ეკონომიკისა და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც საქართველოსთვის ზიანის მიყენების მიზნით სახელმწიფო საწარმოების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მუშაობის ხელის შეშლას ეხება.

მინდა გითხრათ: ნუ დაუჯერებთ ამ სიცრუეს. ჩამოდით საქართველოში და თავად ნახეთ, რომ ჩვენს ულამაზეს, დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში დაუვიწყარი დღეები გელოდებათ

მინდა გულწრფელად, ღიად და ოფიციალურად განვაცხადო: სოციალურ ქსელებში გავრცელებული ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ეროვნების ტურისტს ცუდად არ ექცევიან - არც რუსს, არც უკრაინელს და არც ევროპის, აზიისა თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეს.

ჩვენი ხალხი სტუმარს ღვთის საჩუქრად მიიჩნევს. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ცუდად მოვექცეთ ადამიანს, რომელიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოდის. ნებისმიერი, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, დამეთანხმება. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქართველები სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი ხალხი ვართ.

ჩვენ დიდი სითბოთი, სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებთ ყველას, ვინც ჩვენთან კეთილი განზრახვით ჩამოდის. სწორედ ამიტომ, საქართველოში ერთხელ ჩამოსულ ადამიანთა უმეტესობას აქ დაბრუნება სურს.


კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ: ნუ დაუჯერებთ ამ სიცრუეს. ჩამოდით საქართველოში და თავად ნახეთ, რომ ჩვენს ულამაზეს, დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაში დაუვიწყარი დღეები გელოდებათ.

გპირდებით, საქართველოში გატარებულ ბედნიერ წუთებს არასოდეს დაივიწყებთ. ამიტომ ყოველთვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - ჩამოდით საქართველოში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი