1
29 აგვისტო 2026, 17:55
თბილისში პირველად 2021 წელს ჩამოვიდა.
ჩამოვიდა შიშითაც, მეგობრები აფრთხილებდნენ: საქართველოში მიდიხარ და არ გეშინია, სადმე მკვდარი რომ გიპოვონო?
ამ შიშს თავისი ისტორია აქვს.
დაურ ბუავა აფხაზეთში, ტყვარჩელში, 1994 წელს დაიბადა. უკვე იმ ომის შემდეგ, რომელმაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს დააშორა. თვითონ ომი არ უნახავს, მაგრამ მისი შედეგებით გაიზარდა.
მისივე მონათხრობით, ომმა მისი ოჯახიც მძიმედ დააზარალა - დაიღუპნენ ნათესავები, მათ შორის ორი დეიდა; ოჯახის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დარჩა, ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ბუავა იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელსაც ქართველებთან ერთად ცხოვრების გამოცდილება საერთოდ აღარ ჰქონდა.
„როცა ისინი დაიბადნენ, აფხაზეთი უკვე გამოყოფილი იყო. მათ არასდროს მოუსმენიათ ქართული ენა და მათ გვერდით ქართველები აღარ ცხოვრობდნენ“, - ასე აღწერდა მოგვიანებით საკუთარ თაობას.
მისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს უკავშირდება.
ბუავას მონათხრობით, რუსეთში თერთმეტივე კლასი ისწავლა. სწავლა ჩრდილოეთში, ნოიაბრსკში დაიწყო და სკოლა ომსკში დაამთავრა. შემდეგ ნოიაბრსკის კოლეჯში ინჟინრის სპეციალობას დაეუფლა.
სამი წლის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგშიც მუშაობდა - რკინიგზისა და საავტომობილო ხიდების მშენებლობაზე.
მაგრამ საბოლოოდ აფხაზეთში დაბრუნდა.
მიზეზს მარტივად ხსნიდა - იქ ცხოვრება მინდოდაო.
TikTok-ზე ბუავა დაახლოებით 2020 წლიდან გამოჩნდა.
მისი პირველი თემები სულაც არ ყოფილა საქართველო და აფხაზეთის სტატუსი. საუბრობდა რელიგიაზე, ქრისტიანულ სწავლებაზე, მორალზე, ისტორიაზე; ცდილობდა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირებასაც შეწინააღმდეგებოდა.
შემდეგ სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ხედავდა ქართველებისა და აფხაზების კამათს.
„აფხაზეთი ჩვენია“ - წერდნენ ერთნი.
„არა, ჩვენია“ - პასუხობდნენ მეორენი.
იწყებოდა შეურაცხყოფა, ომის გახსენება, მუქარა.
ბუავა თავდაპირველად ამ კამათს გვერდიდან აკვირდებოდა.
მოგვიანებით იტყვის, რომ სწორედ მაშინ დაინტერესდა იმით, რასაც „სახალხო დიპლომატია“ ჰქვია.
გადაწყვიტა, პასუხები ინტერნეტში კი არა ეწერა, ვითარება საკუთარი თვალით ენახა.
„საქართველო მტრად წარმომედგინა,“ - იტყვის ერთ-ერთ ვრცელ ინტერვიუში.
2021 წლის ოქტომბერში დაურ ბუავა საქართველოში ჩამოდის.
მისივე თქმით, ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ინტერნეტში აფხაზების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ.
ისინი შეხვდნენ, ისაუბრეს და დაპირისპირება მშვიდობიანად დასრულდა.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რაც ამის შემდეგ მოხდა.
ბუავა მოგვიანებით პირდაპირ აღიარებს:საქართველოში ჩამოსვლისას საქართველო აფხაზი ხალხის მტრად წარმომედგინა. ამბობდა, რომ აფხაზეთში მუდმივად ესმოდა ერთი და იგივე: ქართველებს თავდასხმა სურთ, ომის საფრთხე არსებობს და ამიტომ აფხაზეთს რუსეთის დაცვა სჭირდება.
თავადაც ამ გარემოში და ასეთ წარმოდგენებში იყო გაზრდილი.
მაგრამ თბილისში სხვა რეალობა დახვდა.
ღიად ამბობდა, რომ აფხაზი იყო. ქართულად თითქმის ვერ ლაპარაკობდა. რუსულად საუბრობდა. და, მისი თქმით, ამის გამო არავინ ავიწროებდა.
თბილისიდან წავიდა ბათუმში, მცხეთაში, ყაზბეგში, წალკაში, ფოთში. შეხვდა აფხაზეთიდან დევნილ ქართველებსაც.
ფოთში ერთ-ერთ დევნილთან შეხვედრას განსაკუთრებულად იხსენებდა: ერთმანეთს ოჯახის ისტორიებზე ესაუბრებოდნენ და აღმოაჩინეს კიდეც ფოტოები, რომლებიც აფხაზეთის ერთსა და იმავე ადგილას, ოღონდ სხვადასხვა წლებში ჰქონდათ გადაღებული.
ორი თვის შემდეგ ბუავა ვიდეოს ჩაწერს.
მისი მთავარი გზავნილი მარტივი იყო: თბილისში მშვიდად ვცხოვრობ, ვამბობ, რომ აფხაზი ვარ, რუსულად ვლაპარაკობ და ამის გამო არავინ მჩაგრავს.
შემდეგ თქვა სიტყვები, რომლებმაც მისი ცხოვრება ფაქტობრივად შეცვალა:
ქართველ ხალხში მტერი ვერ დავინახე.
შერიგებიდან - „სახელმწიფო ღალატამდე“
ამის შემდეგ მისი ბლოგის მიმართულებაც შეიცვალა.
ბუავა უკვე ღიად საუბრობდა ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე. ამბობდა, რომ ომის შემდეგ დაბადებულმა ახალგაზრდებმა წინა თაობების ტრაგედიით სამუდამოდ არ უნდა იცხოვრონ.
მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო:
„ენგურის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდობა არის ძალა, რომელმაც მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს.“
მაგრამ ბუავა მხოლოდ შერიგებაზე საუბარს აღარ დასჯერდა.
მან უფრო მკვეთრი პოლიტიკური პოზიციაც ჩამოაყალიბა. აფხაზეთის მომავალს საქართველოსთან ერთ სახელმწიფოში ხედავდა და ავტონომიურ სტატუსზეც საუბრობდა.
სოხუმისთვის ეს უკვე წითელი ხაზი აღმოჩნდა.
2022 წლის 19 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ოფიციალურ განცხადებაში ეწერა, რომ დაურ ტარიელის ძე ბუავას TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები აფხაზეთის „სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენებისკენ“ იყო მიმართული.
ბუავა ძებნილად გამოაცხადეს.
მისი თქმით, სამართალდამცველები მის ნათესავებსაც კითხავდნენ და მათ სახლებში ჩხრეკებს ატარებდნენ.
ის უკან აღარ დაბრუნებულა.
საქართველოს მოქალაქე
2022 წლის დეკემბერში ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
მაგრამ ამ ამბავშიც არის ერთი ნაკლებად ცნობილი დეტალი.
მოგვიანებით ჰყვებოდა, რომ პროცესი დაახლოებით რვა-ცხრა თვე გაგრძელდა და მოქალაქეობაზე სამჯერ უთხრეს უარი.
მიზეზი მისი სიტყვებით ასეთი იყო:
არ იყო საკმარისი მისი მშობლების ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ეს არ ნიშნავს, რომ ბუავამ არ იცოდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები.
უფრო სავარაუდოდ, პრობლემა იმ სამართლებრივი დოკუმენტური ჯაჭვის დადასტურება იყო, რომელიც ომისა და თბილისის კონტროლს მიღმა დაბადებული აფხაზეთის მცხოვრებისთვის საქართველოს ოფიციალურ სისტემაში მოქალაქეობის დასადგენად იყო საჭირო.
საბოლოოდ საქართველოში არქივში შესაბამისი დოკუმენტი მოძებნეს.
ბუავას ასევე დასჭირდა მოწმეების მიყვანა, რომლებიც მამამისს პირადად იცნობდნენ.
მისი სრული სახელიდან ვიცით მამის სახელიც - დაურ ტარიელის ძე ბუავა.
თუმცა დედისა და მამის შესახებ - ვინ იყვნენ, რას საქმიანობდნენ - ღია სანდო წყაროებში პრაქტიკულად არაფერია.
მოქალაქეობის მიღების შემდეგ ბუავა ამბობდა კიდევ ერთ საინტერესო რამეს: იცნობდა აფხაზეთიდან ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, მაგრამ ამას მალავდნენ, რადგან სოხუმის ხელისუფლების რეაქციის ეშინოდათ.
თავად დამალვა არ ისურვა.
„მე არაფერი მაქვს დასამალი და არაფრის მეშინია“, - ამბობდა ის.
პოლიტოლოგობა უნდოდა
საქართველოში დარჩენილმა განათლების გაგრძელებაც გადაწყვიტა.
სურდა თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის სწავლა. განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობები და სოციოლოგია აინტერესებდა.
ქართული დამოუკიდებლად ისწავლა იმდენად, რომ კითხვა და წერა შეეძლო, თუმცა ამბობდა, რომ სალაპარაკო ენა ჯერ კარგად არ ესმოდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო პროგრამით ქართული ენის კურსებზე სიარულს გეგმავდა.
შემდეგ ინგლისურის სწავლაც უნდოდა.
მისი მიზანი უკვე ნათელი იყო - ახალგაზრდა ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან დაკავშირება.
ამ იდეით თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია „ამრაც“ - აფხაზურად „მზე“.
2023 წელს კი ევროპარლამენტშიც გამოვიდა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და შერიგებაზე ისაუბრა.
აფხაზეთში - „მოღალატე“, თბილისში - მშვიდობის აქტივისტი
მის მიმართ დამოკიდებულება ორ მხარეს სრულიად განსხვავებული გახდა.
სოხუმის პოლიტიკურ სივრცეში ბუავას პოზიციებს „ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდად“ და ღალატად აფასებდნენ.
მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ცნობილი აფხაზი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფიგურებიც უჭერდნენ მხარს.
ბუავა კი ამტკიცებდა, რომ ოფიციალური რიტორიკა მთელი აფხაზური საზოგადოების განწყობას არ გამოხატავდა და აფხაზეთიდან ბევრი ახალგაზრდა პირადად წერდა და მხარს უჭერდა.
ამ მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვა, მისი თქმით, ზოგჯერ ადამიანებისთვის პრობლემის მიზეზიც ხდებოდა.
და სწორედ აქ არის ბუავას ისტორიის მთავარი წინააღმდეგობა:
ადამიანი, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრობის წინააღმდეგ საუბრობდა, საბოლოოდ თავად გახდა ამ მტრობის ერთ-ერთი ყველაზე სადავო ფიგურა.
ერთ მხარეს მის საქმიანობას შერიგების მცდელობად ხედავდნენ.
მეორე მხარეს - სახელმწიფოს ღალატად.
და ბოლოს - სიკვდილი თბილისში
2026 წლის 27 აგვისტოს დაურ ბუავა თბილისში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
ის 31 წლის იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მისი გარდაცვალების შემდეგ აფხაზური და პრორუსული საინფორმაციო სივრცის ნაწილმა კვლავ გაიხსენა მის წინააღმდეგ აღძრული „სახელმწიფო ღალატის“ საქმე. ზოგიერთმა მედიამ მას პირდაპირ „აფხაზეთის მოღალატეც“ უწოდა.
გამოძიების მიერ გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ბუავამ მეგობარ ქალთან ერთად ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო, რის შემდეგაც ორივე ცუდად გახდა. ქალი მოგვიანებით განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს.
ბუავას მეგობრები და მათი ადვოკატი ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბუავა სიკვდილამდე მუქარებს იღებდა.
ეს გარემოებები გამოძიებას დამატებით კითხვებს უჩენს, მაგრამ დღეს არ არსებობს საფუძველი, მუქარები და მისი სიკვდილი დადასტურებულად ერთმანეთს დავუკავშიროთ.
ის თბილისში ჩამოვიდა იმის გასარკვევად, რატომ მტრობდნენ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს.
შემდეგ კი თქვა, რომ საკუთარი თვალით ნანახმა იმ წარმოდგენების ნაწილი დაუნგრია, რომლებითაც გაიზარდა.
ამიტომ მისი ისტორიის ყველაზე ზუსტი აღწერა ალბათ მისივე სიტყვებშია:
„ქართველ ხალხში მტერი ვერ დავინახე.“
ამ ერთი დასკვნის გამო ის თბილისში დარჩა, საქართველოს მოქალაქე გახდა, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალზე დაიწყო საუბარი - და იმავე დასკვნის გამო სოხუმში სახელმწიფო ღალატში ბრალდებულად იქცა.
ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, კითხვა მხოლოდ ის აღარ არის, როგორ მოკვდა დაურ ბუავა.
მისი ისტორია სხვა კითხვასაც ტოვებს:
რამდენად რთულია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში იმ ადამიანისთვის არსებობა, რომელიც ორ საზოგადოებას შორის მტრის ხატის დანგრევას ცდილობს?
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |